დატრიალება – Blue Horns

ავტორი :

თარიღი : 1923

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

 დატრიალება

შემომაკლდება, დამეფანტა ნუთუ ოქრო და

სისხლი, რომელსაც ვუზიარებ მთელ პოეზიას;

თუ ჩემი სიტყვა შუადღეში ხანჯლად მოჰქროდა,

ისევ ცხენზე ვარ და ვაგრძელებ კივილს დეზიანს.

 

ქარმა სიცხეში მეფის ტოგა შემომახია,

იქნებ გვირგვინი მიტომ გატყდა და დაბურდულა,

რომ ჩემი თესლის შვიდთვიანი ჩონჩხი მარხია

პოეტთა ბაღში, სადაც ღამე მივალ ქურდულად.

 

დაფანტულ ფიქრით ქალაქებში ვუმზერ საათებს,

რომელნიც სხედან ორბებივით და ბედს ზომავენ,

თუ მომეწყინა – რუსთაველი შემომანათებს,

და მაშინ ისევ საქართველოს გავალომავებ.

 

მოდის ფარჩებით, მზის არღანით ზაფხულის ჯოგი,

მჯერა ლექსები ისევ თავზე დამესხმებიან,

თუ ერთხელ მაინც დამინახეთ მე დანაჩოქი,

ეხლა ვაგრძელებ ისევ `ყანწებს~ ოქროს ხმებიანს.