ჩვენ როცა გავჩნდით შვადღის საქებათ,
ჩამოეყუდნენ მზიდან სვეტები.
ხვატი, მდუღარე პაპანაქება,
ტვინს გვიდაღავდა ოქროს წვეთებით.
კიდევ გვაბრმავებს – ზეცის განგებით
ჩამონგრეული მადნის წყალობა!..
მე ტან-ანთებულ ფარშავანგებით
მოგართვი შვადღის კარდინალობა.
ატეხილია მიწა ზვიადი,
კენტავრის სირბილს „ლილლეს“ აყოლებ,
ატარებ როგორც ალკივიადი
ცხელ, გახურებულ დერიდახოლებს.
სჭრი ლექსებს, მაგარ რკინის ღვედებათ,
და გვაბარბაცებ სიტყვის შანთებით;
საქართველო კი გეიმედება
ირრუბაქიძის გადანათებით.