საქართველოში გადავაშენოთ სონეტის მოდგმა…
ჩვენ გავაკეთეთ ის მშობლიურ სიტყვის მუცელში…
იშვა …და ახლა გავასვენოთ თეთრი კუბოთი,
და ღვდლებად იყვნენ მალარმე და ხოზე-მარია39.
მომართვა ჩემი, კარდინალო ჩვენი ორდენის
იქნება მძიმე:
შენი შუბლი უფრო მძიმეა
ყველა ლექსებზე, რაც მე და შენ დაგვიწერია.
გამტყდარი ლექსით
ქება შენ.
ნიცშე, დანტე, ბოდლერის ღმუილი.
ყველა მხეცების ხმით თქმული.
ლოცვა დიდების:
შენი გვამის მიღებისთვის.
თბილისი იღუპება, როცა შენ გინდა,
მიწისძვრა არის მისი ბრალი,
რომ შენი ლექსი უკანასკნელი,
შეძრაა ტვინის – მატერიის მიწაზე დიდის.
ხარ მარმარილო და კენტავრი.
ცილინდრი ძვირად, უფრო ხშირად
საწყალი ცქერით.
როდესაც ეძებ ახალ ლექსს
და შენს ბავშვს ალკას:
ჩვენის ტირილით განსვენებულს:
უწმინდესს გრიგოლს.
უნეტარესს გრიგოლს.
უსაყვარლესს გრიგოლს.
ვუსმენთ სინდისით, სიმკაცრით მდიდარს.
მე გეკითხები: ვართ მართლები?
გვიპასუხებ: ჩვენი სიტყვა პირველია
მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ მოვალეობად
ადამიანს გაუხადა, რომ პოეტს დაემორჩილოს,
რომელსაც გული აქვს ღმერთის და ცქერა
ყველა ვარსკვლავების.
მე ვხედავ მენადებს: ისინი თბილისს
შემოესივნენ, ყველა ქუჩები სავსეა მათით.
სიცხეა დიდი: ელიან შენს გამოსვლას,
სიხარულით: სტირიან ქუჩებში მენადები.
დაგინახეს და გიჟდებიან მენადები
იჩოქებენ: ცახცახებენ: იზმორებიან.
შენ მოესწარი:
დღესასწაული შენ მოგიწყო
ჩვენმა ორდენმა.
შენ გვიპასუხე დირიჟორმა: ქალდეაში
იყო დღე დიდი.
ქალაქი სრულიად უხალისო, უმოძრაო
და გადამწვარი, მზით გადამწვარი.
ცას ასტუმრე ფარშავანგები,
მთავარ მოედანზე ბალაგანი გამართე.
დიასახლისათ მოიყვანე ბალაგანის _ ოფელია.
ბალდახინით მოასვენე ყველა ლექსები:
ჩვენი შვილები უბიწონი და უქორწილო.
პირველ დარაჯათ დღესასწაულის
დანიშნე ვაჟი – სარაცინი.
ოქროს ტრირემით ქალაქს მოადგა
კაპიტანი და მოიყვანა სანტა მარია.
და ერთად ერთი მათხოვარი მეოცნებე
იყო ნაპირზე. ოქროთი და ვერცხლით
დატვირთული. ჩვენგან: ერთად ერთი
გახარებული მათხოვარი.
და ფრაკში ფავნი იყო ჩვენი მოსამსახურე.
ფარშავანგებმა გზა გაუხსნეს ციდან
მოსულ მტრედს: ეს არის ალკა.
დაისში მან იცეკვა ბალაგანის წინ.
ჩვენ ტაშს ვუკრავდით და ვიყავით
გახარებული, რომ უდიდეს დღესასწაულზე
არ დაგვივიწყა ჩვენ ალკას სულმა.
შემდეგ იტირე:
და ვიმღერეთ დასამშვიდები ყველამ
ერთად ლოცვა:
გრიგოლს უწმინდესს.
გრიგოლს უნეტარესს,
უსაყვარლესს გრიგოლს.
პაოლო იაშვილი
გაზეთი „ბარრიკადი“, №4