ღამე კუბოში – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1916

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ღამე კუბოში

როგორ მაშინებს ჩვენს სოფელში მე დაბინდება,

სიჩუმე მოდის, როგორც დედა მკვდრის საფლავიდან;

მკვდარ ძმებთან წასვლა და ტირილი მეც მომინდება,

არ ვიცი სოფლის მყუდროებას ვით გადავიტან.

 

ცამეტ ეზოში ატირდება ცამეტი ძაღლი,

თითქოს სოფელი სასიკვდილოთ მიესვენება,

მკვდრების ლანდებით აივსება ეს ჩვენი სახლი,

მომაკვდავ რაშზე ჩემი თავი მომეჩვენება.

 

შიშის ნაპრალთან მომესმება ჩემი სახელი:

„გიყვარდეს მკვდარი, ვით ცოცხალის კოცნა გიყვარდა.

წავიდეთ, სანამ მოვა დილა თვალგასახელი,

სანამ მზის სხივმა არ აანთოს ქვისფერი ფარდა“.

 

სახეშეშლილი მივეკვრები ცახცახა კარებს,

გაიტაცებენ შიშის ასულს კოჭლი ქაჯები.

სოფლის შიშისგან დასახსნელად შვაღამის ზარებს

ცივ სამრეკლოზე ჩამორეკენ ღვთის დარაჯები.

 

გაზეთი „ჩვენი მეგობარი“, №246