წითელი ფერი! წითელი ფერი!
შევხარი უხვად დაფანტულ ღილებს?
ბედნიერია დღეს ყველაფერი –
მიტომ, რომ დროშა წითლად ფრიალებს.
გამოდით ყველა სიმღერით კარში:
მღელვარე ქუჩებს მზე ალამაზებს!
მუსიკა მარში! მუსიკა მარში!
მიეცით გზები მოხარულ რაზმებს.
გაშალეთ ფრთები! გაბედულ დროში
წარსული ხალხმა დასწვას და სთელოს;
მივესალმებით უკვდავი დროშით
ჩვენ უკვდავ ერსა, და საქართველოს.
დროშები ზევით! დროშებთან გვერდით!..
ვივიწყებთ ყველა წარსულ შეცდომებს,
მამულის რკალი ერთგული მკერდით
დაუცავს ახალ, უშიშარ ლომებს.
მოგლიჯეთ გვირგვინს მწუხარე თალხი!
დღეს ყველა ერთად და შეთანხმებით!..
დაჰკარით საყვირს! მზათ არი ხალხი
ახალ დროს ვხვდებით ახალი ხმებით.
ბრძანება გვესმის!.. გაბედულ დროში
წარსული ხალხმა დასწვას და სთელოს!
მივესალმებით ამაყი დროშით,
ჩვენს უკვდავ ერსა და საქართველოს!
ასტამურ შერვაშიძე (პაოლო იაშვილი)
გაზეთი „ჩვენი მეგობარი“, №316