ზღაპრული ხალხი! გრძნეული ერი!
აქ პოლონეთი – წმიდა მხარეა!
თქვენ გითენდებათ დღე ბედნიერი,
და თქვენთან ერთად ჩვენც გვიხარია.
მიცკევიჩის რაშს არ უძნელდება
ნახვა სწორის და გაწმენდილ გზისა,
და სლოვაცკისთვის არ დაბნელდება,
თუ მოხვდა დროშას ისარი მზისა.
როგორც შოპენი, თქვენთვის დამწვარი,
ისე ნაზია დღეს თქვენთან გული.
და თქვენს ზეიმში ჩვენი ხმაც არი,
თქვენის დიდებით აღელვებული.
გვსურს, ვიამაყოთ ძველ სახელებით
და ახალ სისხლით ვნამოთ ყანები,
მწარე იარებს ნაზი ხელებით
დაგვიამებენ თეთრი პანნები.
და როს თქვენს გვირგვინს, ერის სამკაულს,
შემოეხვევა მწუხარე თალხი,
ძველი ვარშავის დიდ დღესასწაულს,
ჩვენ ისე ვიგრძნობთ, ვით თქვენი ხალხი.
ქართველი ერი და პოლონეთი: –
ორი გვირგვინი და ორი კვნესა!
ჩვენ გვაწვალებდა ოცნება ერთი,
და ჩვენ მოველით ერთნაირ მზესა.
ჩვენ ერთად ველით და მალე გვინდა
ახალი მორთვა მზით მთა-ველისა!
ამაყო ძმებო! სალამი წმიდა!
სალამი გრძნეულ რუსთაველისა!