ტრიოლეტი
შალვა ქართველიშვილს
მე შემიყვარდა გაღიმება შენი ფარული
და მოყვარული მეოცნებე შენი თვალები,
იქ იმალება, რასაც ალბათ გრძნობენ ქალები,
ეტრფიალები და გამშვენებს ღიმი ფარული.
მწვავს სიხარული, როცა მესმის შენი „არული“,
შუქი მთვარული გხიბლავს… და ხან ცეცხლის ალები,
მე შემიყვარდა მეოცნებე შენი თვალები
და გაღიმება მოყვარული და დაფარული.
პაოლო იაშვილი