სტიროდენ ერთად ჭიანურები
და სალამური ტკბილი ხმიანი;
სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები,
თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.
ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები
უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით;
– „შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?“
– „მე შენ მიყვარხარ“. – „ო! სთქვი გარკვევით!“
ბაგენი ლალის, მღერდენ სიმთვრალეს,
პასუხი ალის ისმოდა ნელი.
„ჩვენ დავიღალეთ“, – „ჩვენ დიდხანს გელით“.
„შენ სიდან მოხვალ?“ – „შორეულ ველით“.
„ო! მსურხარ ძლიერ! მსურს კოცნა მწველი!“
და იყო კოცნა! თავს ივიწყებდნენ,
როგორც ფოთოლნი მთვარის დროს ქარში.
ხმები, ვით გველნი, ხვევნას იწყებდნენ…
მე ვგრძნობ შვენებას… ვცხოვრობ სიზმარში.
გაზეთი „მეგობარი“, №4