სამგორისათვის – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1934

ადგილი : თბილისი

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სამგორისათვის

მე ვარ მოსკოვში და დავიწყე პირველ დღესავე

საქმე დამჭერი იოტამდე ჩემი აზრისა,

ასე გადიან სამუშაოდ, როცა სთესავენ,

ან თუ წერაქვმა ცხელი რკინის ზოდი დასრისა.

 

ჩვიდმეტი წელი, პოეზიის ერთი მედგარი,

სიჭაბუკეში ქართულ ლექსის ერთი არსენა,

ახლა ორმოცი წელიწადის ზღვარზე შემდგარი

სამგორის დარდმა, სამგორის ხმამ არ მომასვენა.

 

იყო ტკივილი, იყო ეჭვი, ხშირად შებინდდა,

მეტიჩრობაში ვამტყუნებდი ჩემს თავს ადვილად,

მაგრამ დასტურმა დიდ მოსკოვის დეპეშებიდან

უიმედობის მოფიქრებაც გააბათილა.

 

დიდი სამგორი, ულხინესი ჩემი ნატრული,

ახალი მიწა და ედემი ერთის გახედვით,

უფრო ლამაზი, ვიდრე ყველა სიტყვა მხატვრული,

და გულზვიადი ისე როგრც მთელი კახეთი…

 

იდგენ ხეები, ამაყურად, ტოტის დარხევით,

ყვავილთ სურნელი ასქელებდა ვარდისფერ ჰავას,

და მთელი მიწა დასერილი დინჯი არხებით

მოსავალს სდგამდა პოხიერი ხორბალის ხვავად.

 

მაგრამ ომებმა გადატრუსა ცხელი კეცივით,

გაუხმა ქერქი ძველ სამგორის მიწას იშვიათს;

ახლა, ჩიტებო, თქვენ ერთმანეთს ცივად შეჰწივით,

ცვარი გწყურიათ, ფეტვის წვრილი მარცვლები გშიათ.

 

შენ დაგიჯაბნეს დღით ეკლებმა, ღამით ტურებმა

ყოველი კაცი შენ უდაბნოს ბერი გგონია,

და ისტორიის საშინელი უბედურება

შენს გამხმარ მკერდში განაჩენად ჩაგიკონია.

 

მაგრამ ხომ გესმის შენს გარშემო როგორ ფათურობს

გაცოცხლებული საქართველოს ახალი ძალა,

შენმა იორმა ახლა უნდა დაგიდასტუროს,

რომ დაფიტული საძირკველი გამოგეცალა.

 

უკვე გადაწყდა! გაცოცხლდება შენი მთა-ველი,

აღსდექი მიწავ, უხვიანი მოგვეცი კვება,

სამი წლის შემდეგ თვითეული შენი მტკაველი

ყანებს და ბაღებს, მდიდარ ბოსტნებს დაუთმონ ქვებმა!

 

სიონის კაშხალს შენთვის წყალი არ ეზოგება,

მარტყოფის სადგურს ელექტრონის ძალის მოცემა,

აგაფერადონ, გაგამდიდრონ ცხვართა ჯოგებმა,

გეგმის ჩარჩოში აღდგენილო ჩემო ოცნებავ!