მწერდა მეგობარი ძველი:
„ცალი ფეხით ვდგავარ კუბოში,
ათი წელიწადი გელი,
ერთხელ მაინც ჩამოდი წყალტუბოში.
დაგხვდები ნამეტან კარგად,
ალბათ
კიდეც დავითვრები,
ხომ გახსოვს ტყემალში ფარგა
და ხორკლიანი კიტრები“.
პოეტი ამაყი კაცია,
ჰაერში აშენებს ხეხილს,
არ იცის –
ნალბანდს რა აცვია,
არც შემოსავალი გლეხის.
საკამათოა ეს საგანი
დაღად მოჭრილი ქვაზე…
მივქროდი ახალ მანქანით
ახალ წყალტუბოს გზაზე.
ხეები ჯარად მიდიან,
შორს – თოვლის მთები
დგანან ოცნებით,
თითქოს ჰაერში ჰკიდია
მიტკალის პირსახოცები.
მივედი – გაგიხარიან,
გულთბილად დამხვდნენ ძალიან,
ეზოში ერთი ხარია,
მარტო ტყავი და ძვალია.
უცბად საჯარო პატივი
(სიამოვნებით ჩავებით),
მომჩერებოდნენ ხატივით
წყალტუბოს ნათესავები.
აგვაღო დაღი სიმძიმის
საღამომ კარგად გაშლილმა,
ხალხი დაგვხოცა სიცილით
ექიმმა მიშა იაშვილმა.
***
„ჩემი აწ სცანით ყოველმან,
მას ვაქებ ვინცა მიქია,
მისი სახელი შეფარვით
ქვემორე მითქვამს მიქია…“
შევხედე უკვე განდაგან
დგას ინჟინერი ჯიქია83.
მომიხმო დაბალ ღობესთან
ნელი ნაბიჯით უბრისად,
შევატყვე იმას მობეზრდა
ატორტმანება სუფრისა.
დიდი ხანია მჯეროდა
იმისი უეჭველობა,
ჩუმი ოდიშურ კილოთი
დაიწყო ჩემთან მსჯელობა.
„-გული ფიქრებით შესივდა,
ფიქრებმა სულ დამარბია:
მუშები რიონჰესიდან
როგორც არჩვები გარბიან.
სამასი კაცი კმაროდა
გვირაბის გასათავებლად…“
(ბრწყინავდა ზეცის თაროდან
ვარსკვლავი ოქროს თაველა).
უეცრად მითხრა: „მშვიდობით,
მშენებლობაზე მელიან,
ჩემთვის სამასი მუშა დღეს
სამასი არაგველია“.
აზრებს შევუშვი სადავე,
წავიდნენ ვერცხლის ღარითა,
გამოვერკვიე, გადავეც:
„- ვარ ჭიათურის მხარიდან.
სამასი კაცი? ბაშუსტა!
არ მოგეჩვენოს არაკად
მგონია ჯერ არ დასუსტდა
ზემოურების ბარაქა“.
პასუხი იყო ნაკვეთი
და მშვიდი როგორც მთვარეა.
„- მაშ ვნახოთ შენი არგვეთი
როგორი მოსახმარია“.
ვიცოდე მათი პატივი,
მანქანა ვეღარ შეკავდა.
მთვარე კი თეთრი ბატივით
ცაში ვარსკვლავებს კენკავდა.
დილა გათენდა, დამადგა
მზის სხივი ათი მტკაველა
და ისევ მიდევს გამაკთან
გაშლილი „ვაჟა-ფშაველა“.
მზემ მოგვაშვირა მილები
და მდუღარებას გზავნიდა,
თბებოდნენ დავრდომილები
წყალტუბოს აბაზანიდან.
მივდივარ, ცურავს ბაკებზე
შრიალი ჩემი ლექსისა,
ხალხი მეძახის – „დაგეძებს
უფროსი რიონჰესისა“.
აგერ ნაცნობი მანქანა,
ჯერ სალამიც ვერ მითქვია,
უკვე ამართულ ნაგანად
დგას ინჟინერი ჯიქია.
ვერ მოვასწარი ტანზე გადაცმა,
არც ჩემოდანი და არც ქუდია –
მხოლოდ ეს მითხრა მედგარმა კაცმა
„მატარებლამდე – ოცი წუთია!“
ცას გადაეკრა სილურჯე ბაცი,
მიჰქრის მანქანა და მესმის მხოლოდ.
„სამასი კაცი,
სამასი კაცი,
სამასი კაცი,
ჩემო პაოლო!“
მეც ამ სიჩქარეს კარგად ვუძელი
და მეტყობოდა კიდეც გმირობა,
ვაგონში მომცა ხუთი ფურცელი,
ხელშეკრულების ხუთი პირობა.
მატარებელი ნელა წავიდა,
ხელშეკრულება გავშალე ნდობით,
თითქოს ძვირფასი წიგნსაცავიდან
გამომატანეს რჩეული ტომი.
ფეხზე მაცვია მუშის წუღები,
სხეულში დიდზე დიდი ღონეა
და საღორიის დიდი მუხები
უკვე სამასი მუშა მგონია.