UBRI – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 23.04.1924

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

UBRI

მინდა, ავვარდე მამადავითზე,

იქ აირჩიე, სულო, ბინა შენ;

მინდა უეცრად მუხლზე დავეცე

ჩემი ტფილისის და მზის წინაშე.

 

ჩემო ქალაქო! არ დამაკელი

შენ სიხარული მზისგან ფერილი,

თავზე გადგია, როგორც კანკელი,

ცა მოელვარე და აჟღერილი.

 

ვხედავ, ურმები ლორთქა თივებით

გზას ახარებენ აჭრიალებით;

მტკვარს მოჰყვებიან ფიჭვის ტივები,

ვით მოცურავე თეთრი ქალები.

 

სდუღან ოქროს და წითელ ღვარებად

კვირა დღეებით შენი ქუჩები,

და იცლებიან ოხშივარებად

შენს გარეშემო მთები თუჯების.

 

შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო

ლექსები, როგორც სისხლის წვეთები…

მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,

დიდი სატახტო ხარ პოეტების.