შავი ზღვიდან, დაბალ ციდან
მოდის ბური ნისლის;
ხეს ფოთლები ჩამოცვივდა
და შრიალი ისმის.
ნისლი სახლებს დაჰფენია,
ქუჩებს მისდევს ნელა,
ბაღს მიადგა დაფნებიანს,
რუხად ჩააბნელა.
აგერ ქუჩა პირდაპირი
აუვსია ბოლით;
საცა იყო ზღვის ნაპირი,
მოჩანს თეთრი ზოლი.
წავალ ბაღში, შევალ ბაღში,
მომდევს ნისლის ქროლვა,
კარს გამიღებს ერთი ბავშვი,
ჩემი შვილის ტოლა.
სიხარულით მეტყვის: „ძია,
ის ხეც შეითვალა“,
და დაიწყებს ბაღში ციალს
ვით სინდიოფალა.
ხელებს მოდებს მწვანე ტოტებს,
მისდევს ვიწრო ბილიკს;
მე უეცრად შემაშფოთებს
სურნელება ტკბილი.
გაიშლება უცბად ნერგი
ზე შემრჩება თვალი;
თუ გინახავთ სადმე თერგის
ნაპირებზე ქალი.
ქისტის ქალი, დახატული
მძივებიან მკერდით,
როგორც ოქროს ნაკადული
რომ ჩაგირბენთ გვერდით,
ნერგიც ასე ელავს რხევით,
ოქროს ტოტებს გაშლის;
უკვე ნისლი მიდის ზევით,
ამაღლებულ ცაში.
გადაიხსნის მწვანე მანდილს
ნერგი გულ-მკერდ ღია;
ვეხები და ვისმენ ნამდვილ
ოქროების წკრიალს.