როგორც ზეციდან მტრედების ჯოგი
მინდორზე ჰფანტავს უნაზეს ჩეროს.
როგორც ურმული გადადის ბოგირს
და ოდნავ არხევს ნაძვების წვეროს.
როგორც დასტოვებს ალაზნის ლოგინს
და ცაში ისრად შესცურავს წერო, _
ასეთი მინდა სიტყვები ზოგი
შენთვის გამართულ სტრიქონში ვწერო.
მაგრამ ფურცელი გადავდოთ გვერდზე
და შეიცვალოს შესავლის კილო:
ეს იმას ნიშნავს, პატივი ვერ სცე
მას, რასაც ჰქვია მხატვარის ტილო.
ძველი იერი სტრიქონში ვერ ძლებს,
და თითქოს გახდა ის სათაკილო,
რად დაუბრუნდე მოოქრულ ვერძებს,
რად შეგარხიო ათას წლის ძილო!
მახსოვს იყავი ლამაზი დიდად
და ჩახატული სავსე მთვარეში:
ამ სილამაზეს აკაკი87 ზრდიდა,
გატაცებული შენი ფარეში.
შეგრჩა იგივე მიმზიდველობა
და მინდა ახლა შენთან განდობა, –
რომ აღარ გშვენის ძველი ხელობა –
ეს გარეგნული დარდიმანდობა.
შენს მწვანე ფოთლებს დილით თუ ეცა
სიო, ჩურჩული, ჩიტების ფრთები:
ამ ჰარმონიას შეცვლის უეცრად
ამხედრებული საყვირის ხმები.
თუ ცისარტყელას ფერადი ხონჩა
არის მშვენება ზეცის კამარის,
მის საპასუხოდ ყოველდღე მოჩანს
რიონის წელზედ რკინის ქამარი.
არა, არ ჰგავხარ მარტო ქუთაისს,
ხარ რაც მინახავს იმაზე მეტი,
ძველს, შავი ზღვიდან მოშვერილ დაისს
შენ შეაგებე სინათლის სვეტი.
არ ჰგევხარ ჩემი ბავშობის ქალაქს,
ხარ უფრო მთელი და ჭიშკრიანი,
შენს შესანიშნავ ხავერდის ბალახს
ესმის ათასჯერ მეტი შრიალი.
შეგეხარები შენი ნაზარდი
და შენთვის ასეთ სურვილებს ვეძებ:
რომ აბრეშუმით სავსე ბაზარი
გადაშლილიყოს მწყალობელ მზეზე.
რომ შენი მწვანე ფოთლების ჟღერა
ვიცოდე – მხოლოდ ჩიტებით ვერ ძლებს,
რომ დიდის გულით თქმული სიმღერა
არ დაეძებდეს მოოქრულ ვერძებს.
რომ დაემატოს აგურს აგური,
ფიცარს ფიცარი მისდევდეს ლარში,
და რომ გუგუნი ამხანაგური
რიონის წყალმა ჩაზიდოს ზღვაში.