(ფისო) ნესტან ლეონიძეს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 07.06.1934

ადგილი : თბილისი

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

(ფისო) ნესტან ლეონიძეს

(ფისო) ნესტან ლეონიძეს – მისი პატარა მეგობარისაგან

 

ერთს ბავშვს ფისო ლეონიძე

უყვარს, უყვარს ძალიან

თუ ის არის ფისოს გვერდით

სხვისთვის აღარ სცალია.

იგი იცნობს ფისო-ნესტანს

ათი წელიწადია,

მასთან ერთად აგარაკზე

გამგზავრება სწადია.

იგი ხვდება თავის ფისოს

საღამოს და დილითა,

ცელქობენ და თამაშობენ

კვდებიან სიცილითა.

ხშირად კიდეც ჭიდაობენ,

ჩიტებივით მღერიან,

მათი ძველი მეგობრობა

დღესაც მშვენიერია.

ფისოსათვის მისი გული

დღე და ღამე შლილია,

ვინ არის ეს კარგი ბავშვი –

ის პ. იაშვილია,

თუმცა მისი თმა და წვერი

თეთრად შეღებილია.