ჰაინა და მიკოლა ბაჟანს
კახეთში ვართ, ვხვდებით ერთად დიდ მოსავლის დღესასწაულს,
ვარსკვლავების სანთლებს ვუცქერთ, კოცონების ვისმენთ ხმაურს.
ხმაურობას ცაში ასულს, მთვარე დიად შუქით ჰბანდა,
ხმა დაბრუნდა ალაზანში, ჩანჩქერებად დაიფანტა.
ჩარდახიან, ფერად ურმებს,უსხდენ ქისტის პატარძლები,
თუში სიძე, თუშურ ცხენსაც აგელვებდა გატაცებით.
მოელვარე, მოყვარული, შეჰხაროდა თვალსა თვალი
და შეერთდნენ სიმღერები, ხუთი გზიდან მომავალი.
ახვალ მაღლა, გალავანზე, ხალხის ლხენას გადახედავ:
კავკასიის მომღერლები ფარდაგებზე დინჯად სხედან,
და ლექსებში ელავს, ისმის არა ძველი საკვნესარი, –
– ის ამბავი, ის ალერსი, რაც ჩვენია, რაც დღეს არი.
ამ ვაჟკაცებს მარად ჰქონდათ, სხვა სიმღერა, სხვა მხედრული,
მაგრამ ყველგან გაისმოდა ერთი დიდი საყვედური:
რომ ალაზანს არ ერიოს მთის შვილების სისხლის წვეთი,
კრიალებდეს როგორც ახლა, როგორც ლურჯი ბროლის სვეტი.
ხევსურებიც ჩამოვიდნენ, იმათ წითურ, შეკრულ ცხენებს
მხიარული კოცონები მიაფენენ ოქროს ენებს,
ესმით მაღალ არაბულებს ხმა საამო და სალხინო:
„მოდით, ჩვენო ხევსურებო, მოდით, შესვით ჩვენთან ღვინო“.
კავკასიის ცის ქვეშ სხედან ერთგულ ძმად და ერთგულ ტომად,
ღელავს ძმობის დღეობაზე ალავერდში შემოდგომა.
ჩვენი ზვარის მწიფობაში, მწიფე სიტყვის შემომტანი
პოეტებიც ხალხთანა ვართ, საცა არი ფართო განი,
უკრაინის პოეტია ჩამოსული ჩვენთან ერთად,
თავის ერთგულ მეგობარით, კახელებთან შესახვედრად.
ამ ვაჟკაცურ მაღალ ხმებში დადის ფრთხილად, შორი-ახლოს:
რომ სიმღერებს არ ატკინოს, ტლანქად ხელი არ შეახოს,
და მეგობარს ჩასჩურჩულებს, სიტყვას დიდი ნათლის ნაირს
გულის ძგერით იმეორებს რუსთაველის დამწველ შაირს.
მთვარემ შუქი გააფინა ხევსურების ბაირაღზე,
გადავიდნენ კახელები გახურებულ დაირაზე,
უცბად რაღაც ხმა გაისმა, სადღაც ზევით გადირბინა,
თითქოს ეს ხმა გულს შეუდგა და ჰაერში გააფრინა.
ეს ხმა არის უკრაინის, უკრაინის აღმდგარ ერის,
უკრაინის ქალი არის, ჩვენ სალხენად რომ იმღერის,
და შევჩენკოს89 ხმა მრისხანე – დღეს ქცეული დამტკბარ ჰანგად,
ქართველ ხალხის გვერდში ჩადგა უერთგულეს ამხანაგად.
გამარჯვების სხივმა გაჰკრა საქართველოს გახსნილ ზეცას,
მთას აიჭრა, ნაპირს მოხვდა, მყუდრო ფოთლებს მიეკეცა.
სთქვი, იმღერე კიდევ ერთხელ, უკრაინის ველთა შვილო,
ფრთა შეისხი, ძმობის ჰანგო, მთელ კახეთზე გადაშლილო,
რომ ჩემს ხალხსაც მოასმინო, ნახო მთა და ნახო ველი,
შენი მსგავსი, ნათესავი, შენთვის ასე ახლობელი.
დნეპრის დილა, მტრედის ფერი, მისი ზეცის სილამაზე
ჩემს ქვეყანას შეუერთდეს, გაიშალოს ალაზანზე,
ვინც მოგისმენს გაიხაროს, ნეტარების ცრემლი ღვაროს,
და ეს ცრემლი შვებულ მიწას ვარსკვლავებად დაეყაროს.
ძმობამ მოგვცა ჩვენ ეს გრძნობა, ეს უკვდავი ერთგულება,
ჩვენ სამშობლო საკუთარი თქვენს მხარეშიც გვეგულება,
და საბჭოთა ხალხის შვილებს, მათ პოეტებს, მარად გვწამდეს,
რომ ვუმღეროთ კვნესით შობილს, მზეში ჩამჯდარ სიდიადეს.
პაოლო იაშვილი, უკრაინელი ქალის სიმღერა, 1934