წიგნიდან „ლირიკული დღიური“
ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი
მე არ მიგრძვნია – და ეს სიბრძნე დამბუდებია,
მოშვერილი ვარ შენზე გულით და როგორც გელი
ჩემი თვალები უკეთესი საბუთებია.
ჩემი დაბნევა, ელდა, ყოველ წუთის ცეტობა
როცა არ მესმის, რას ამბობენ, რად მეძახიან,
უხერხულობა, ყველა დარდი, ყველა შეცდომა
ეს ყველაფერი სანატრელო შენი დაღია.
მოუსვენრობა ვერაფერმა ვეღარ გახარა
გამოჩნდი იმ დროს – იჭვები რომ მებადებიან
ნუ გეშინია ჩემო კარგო თმაში ჭაღარა
ეს სინათლეა სიყვარულს რომ შემატებია.
ოცდა ჩვიდმეტი წელიწადი ისე გაცურდა
როგორც მხატვარის მეგობრობა საყვარელ ფერთან.
იყავი ჩემთან გამტანელთან და ვაჟკაცურთან
ამ დიდ დღეებში ყოველ წამში ვიაროთ ერთად.
ნუ ჩაგაფიქრა ჭირვეული ჭორის ხროებმა
ჩემთვის სიჩუმე ღამეში რომ მოიზანტება
საშინელია როგორც ომის მოახლოება
საშინელი, როგორც ჩემთვის ტყვიის მზადება.