იოსებ გრიშაშვილს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : [1-5.02.1916]

ადგილი : ქუთაისი

საცავი : იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

იოსებ გრიშაშვილს

იქითური

გაიხსნა ჭიშკარი. სულო, რად იჩქარი?

ვეღარ დაბრუნდები: იქ საშინელია.

ყოფნა გაწამდება, როცა დაღამდება,

ვერ გათამამდება, ვინც გრძნობით ნელია.

სურვილში ვერ ვკვდები, მტანჯავენ ღმერთები,

ქალების მკერდები დამშრალან, კვდებიან.

შიშით ვიხედები, გაყვითლდენ გულები,

სნეული დედები ქრისტეს ვერ ხვდებიან.

ვეფხების ლოთობა, ჭრელი ბოროტობა,

ჰანგების ლოდობა, კბენა თვალებისა,

კივილი მეხური, ცეკვა უხერხული,

უკმეხი ფერხული გიჟი ქალებისა.

ჭრილობის დაჩენა, შავი მზის გაჩენა,

დღე ვინ შეაჩვენა, ტყე რამ გადარია,

უფსკრული ქარდება, ვარსკვლავი ვარდება,

ცა ვერ ივარდება, ცივი ცა მკვდარია.

ყოფნა იქითური: წვიმა უწმინდური

ქორწილი ბინდური, ყვირილი მაყრების,

ავი სახელები, გველთა გახელება.

ციება, ცხელება და კვნესა ლახვრების.

პაოლო იაშვილი

დაუდეგარი ღამე. თავი რკალში

 

სოსო! დავგვიანდი. მიზეზი „ყანწები“ გამოდის კვირას. საქმე, საქმეები, საქმეებში. „იქითური“ ბოდვაა. სიზმარი, ჩვენება – თვით არ ვიცი. ნუ იწუხებ, თუ გაგიჟებული გგონივარ. ყოველ შემთხვევაში, დაბეჭდვა ღირს – რამდენიმე ახალი რითმა მაინც არი. თუ არ ჩქარობ, უკეთესი შემიძლია მოგაწოდო. „იქითურში“ არის სტილი. აგრეთვე კოლორიტი აღმოსავლურ ზღაპრებისა. შესწორება არ მინდა.

პაოლო

P.S. გაფრინდაშვილმა გთხოვა: მერვე სტრიქონში სიტყვა „სამწუხარო“ შესცვალო „სასიკვდილო“-თ. მომწერე შენი აზრი.

[1-5 თებერვალი, 1916]