ბაღის ამბავი – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1932

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ბაღის ამბავი

დავითენთები, მომინდება ამინდის სინჯვა,

ბევრი ნდომია მუშაობა ლექსების ბერტყვას,

დავხედავ ბაღში, წვიმა ცვივა კრიალა ბრინჯად,

წვიმა, რომელიც მომაგონებს მოვარდნილ სეტყვას.

 

შემდეგ ამ წვიმას საღამომდე სიჩუმე მოდევს,

ბავშების ფეხთა ანაბეჭდებს სილაში სძინავს,

უცბად რაღაცა შეაშფოთებს კოპიტის ტოტებს _

ეს ბეღურაა, რომ იბერტყავს ფრთებიდან წვიმას.

 

მოვა საღამოც… ისევ შევალ ნაწვიმარ ბაღში

და უცბად ვიგრძნობ ჩასვლის უმალ მზე აქ ყოფილა:

დავაკვირდები ღობეს, ფოთლებს, დაგდებულ ნახშირს,

და ყველაფერმა მზის აქ ყოფნა შემატყობინა.

 

მერე ამ სითბოს და ამ ბაღის პატარა ამბავს

შევიტან სახლში, ღია მრჩება ფანჯარა, კარი,

ლოგინზე მთვარე გადააფენს ცივ ტილოს საბანს,

და როგორც ლექსის დასაწყისი ამოდის ქარი.