გადამეტებით, ტანჯულ დღეებით
წარსული ჰკივის უკუღმართული;
ჩვენ კი უტკბილეს სამოთხეებით
გვინდა გავმართოთ მხარე ქართული.
საუკუნენი ცხელ თავანებით
ჩვენი სამშობლოს მზეში დნებიან;
მაგრამ ჯერ კიდევ ქარავანები
სცლიან ოქროებს ძველ მადნებიდან.
მიწა მსუქანი სისხლის დალევით
შენ შეგვათვისე _ იმედიანი,
და გულში გივლის მკივან ალივით
შენ რუსთაველის მერიდიანი.
ძმა ინგორუყო! ჩვენება არი
და ტკბილის ტანჯვით მოსაგონები:
მწველ ინდოსტანში ქართული ჯარი
და ტრაპეზონდში გარნიზონები.
და გვიბრუნდება ის ნეტარება
ამაყ დღეების _ გადაჩვეულებს;
თუ პოეზია შეედარება
ჯვარზე გასალტულ წმინდა რჩეულებს.
ძმა ინგორუყო! პოეტო ადრე
და მერე დარდო წასულ დიდების:
გულს პოეზია იჭვებით ანგრევს
და სისხლს – დაპყრობა პირამიდების.