ოფორტი – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ოფორტი

დავით კლდიაშვილს

 

შენში გაცოცხლდა იმერეთი თავის მაჭრებით,

მე ვუმზერ ბოსტნებს, ვიწრო შარებს, შეშის ბოგირებს.

აგერ ირინე მეწვრილმანეს აცდენს ვაჭრობით,

მღვდელი ზოსიმე დამშეულ ჯორს მიაბოგინებს.

თავლა და კალო, გალესილი ჩქარი ნამგალი,

ღობეში ღორი უღლიანი ღრიალებს მწარედ,

და სოლომანი, გაცრეცილი მხნე მაჭანკალი,

ჭიშკართან ყვირის: „მაინძელო, გამოდი გარეთ!“