ოვანეს თუმანიანი – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 05.04.1923

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ოვანეს თუმანიანი

გახარებულო! ბავშის თვალებით

შენ დილამ მადლი ჩამოგაპკურა,

ჩვენ გიყურებდით ხან მოკრძალებით

და ხან გკოცნიდით ამხანაგურად.

 

როგორც მაღალი თაფლის სანთელი,

აენთე ღარიბ სომხეთის მთაზე,

და ძმობის კვალი, შენგან ნათელი,

საასპარეზოდ შემოგვთავაზე.

 

შენი ლექსები, როგორც მტრედები,

ბუდობდნენ გლეხთა დაბალ ოდებში;

და მოციქულის თავგამეტებით

ჩასდექ ომების სიბოროტეში.

 

შენთან დღეებმა ამაფრთოვანეს,

მოკვდი და გრძნობას ნისლი მოედო;

იტყვიან ბავშნი: „წმინდა ოვანეს“,

გავიმეორებთ: „წმინდა პოეტო“.

 

ოქროს სიცოცხლე შემოგეძარცვა,

და დიდხანს სევდის თვალებით ვუმზერ,

როგორ დადგება ანუში ნაძვად

შენს კეთილშობილ საფლავის გულზე.