ლანდი სიცივეში – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1916

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ლანდი სიცივეში

წვიმა და წვიმა. ცივი ველი, გამხდარი ლანდი.

ვინ არი ლანდი?.. გზა სად არი?.. გამხდარ ლანდს სცივა,

უნდოდა ბინა… გაციებულს დააგვიანდა,

გაყინულ კვნესით დიდხანს ივლის და ვერსად მივა.

 

სიკვდილი მოდის… სად მიდიხარ, ან სად იყავი?

დახეულ თვალებს ძილი უნდა, ახლოა ბინდი.

მგლოვიარე გუნდს ყვავებისას დასცილდა ყვავი,

მწუხარო მგზავრო, ღამე ნახე და აქვითინდი.

 

არ იცის ქარმა ვის წაუღოს ველის ამბავი,

არ იცის წვიმამ ვის კარებთან იტიროს მწარეთ,

მგზავრის ძონძებში, ცივ ღამეში გათბება ყვავი,

მშვიდობა ყველას, ვინც ზამთარში მოკვდება გარეთ!

 

კრებული „ჩანგი“