იქითური – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1916

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

იქითური

გაიხსნა ჭიშკარი. სულო, რად იჩქარი?

ვეღარ დაბრუნდები: იქ საშინელია.

ყოფნა გაწამდება, როცა დაღამდება,

ვერ გათამამდება ვინც გრძნობით ნელია.

სურვილში ვერ ვკვდები, მტანჯავენ ღმერთები,

ქალების მკერდები დამშრალან, კვდებიან.

შიშით ვიხედები, გაყვითლდენ გედები,

სნეული დედები ქრისტეს ვერ ხვდებიან.

ვეფხების ლოთობა, ჭრელი ბოროტობა,

ჰანგების ლოდობა, კბენა თვალებისა,

კივილი მეხური, ცეკვა უხერხული,

უკმეხი ფერხული გიჟი ქალებისა.

ჭრილობის დაჩენა, შავი მზის გაჩენა,

დღე ვინ შეაჩვენა, ტყე რამ გადარია,

უფსკრული ქარდება, ვარსკვლავი ვარდება,

ცა ვერ ივარდება, ცივი ცა მკვდარია.

ყოფნა იქითური: წვიმა უწმინდური

ქორწილი ბინდური, ყვირილი მაყრების,

ავი სახელები, გველთა გახელება.

ციება, ცხელება და კვნესა ლახვრების.

 

დაუდეგარი ღამე. თავი რკალში