ზემოური რთველი – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1934

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ზემოური რთველი

ჯერ სოფელში კიდევ თბილა,

თუმცა მთები დაირთვილა,

და ცაც უფრო მუქი გახდა;

გზაზე მოდის ჩემი კბილა

და ღიღინებს ისე ტკბილად,

თითქოს ნატვრა გაინაღდა.

 

მიდის, ჩადის სავსე ზვარში,

მეზობლებთან მხარი-მხარში

მიაშურებს ფერად მტევნებს;

სამალაბა90 მკლავებს გაშლის,

გადააგდებს მტევანს ძარში

და სიმღერას დაადევნებს.

 

დიდი ძარი წარამარა

შეანათებს სოფლის მარანს;

საწნეხელიც აკრიალდა;

უკვე დილის იჯრად კმარა,

რაც სიმდიდრით დაიფარა

მისი ღრმა და უხვი კალთა.

 

ბავშმა წყალი მოიტანა

და გაჩაღდა ფეხის ბანა,

მხიარული ყურძნის სრესვა,

აღუღუნდა წვენი თანაც…

ყავრის ჭერში ოქროს დანა

გაურჭვია დილის მზესა.

 

მზეა, ქარიც… ფიცხი ჩალა

ნაფუზარში აიშალა,

მიეხვეტა ყანის ღობეს;

ავსებულა ჯოგით ჭალა

და მწყემსები ხმა წკრიალა

გვრიტს ესვრიან ფილთა თოფებს.

 

განგაშშია რთველის ალო,

ტაროებით ბრწყინავს კალო

და ქალები სხედან განად…

„აბა ერთი, ჩორთას ქალო,

შენი სულის სამოწყალოდ,

წამოიწყე იავნანა“…

 

და გაისმის სოფლის ველად

ნანინა და ოროველა

ჩანგურული კილოს ხმაზე…

უკვე რაჭის მთებში ბნელა,

მთვარე – ძროხის ერთი წველა

დევს პერანგას ქიმის ჯამზე.