ნანი ნაუ ნანი, ნაუ ნანი ნინა…
შორს სადღაც ყვავილს ბუჩქქვეშ მიეძინა…
ქარმა ცვრიან ბალახს ველზე ჩაურბინა,
ცვარი ბალახს მოსწყდა, სევდით დაიგმინა,
ქარში ზარის ხმა გაისმის:
ნაუ ნანი ნინა!..
ნუ იტირებ, ია, ზარი ნუ გაშინებს: –
ქარი წავა მთებში, მკლავზე დაიძინებს…
ბალახი ხვალ დილით მზის სხივს გაუცინებს…
ნანი ნაუ ნანი, ნაუ ნანი ნანა…
ეს ვიღასი კვნესა ქარმა მოიტანა!
სადღაც ბერი მოკვდა… ქრისტე დაჰგმო, განა,
ცოდვა ჩაიდინა, ვეღარ შეინანა?!
ზარი უფრო: ნაუ, ნაუ ნანი ნანა…
ქვეყნის ცოდვებს, ქვეყნის კვნესას,
ქვეყნის სირცხვილს, ქვეყნის ჭორებს
ქარი ხელში ათამაშებს,
მოატარებს მთებს და გორებს,
ცოდვილ მიწას არ აშორებს.
ნაუ… ნანა… ნაუ, ნანი! ნაუ ნინა…
მთების იქით ოქროს სხივმა გაიბზინა.
წყარომ თავის მკერდზე ვერცხლი დაიფინა…
მეზარემ ცივ ქვაზე საწყლად დაიძინა.
შეწყდა ზარის კვნესა:
ნაუ… ნა… ა… ნ… ი… ნი… ნა…
გაზეთი „კოლხიდა“, N31