რაღაც სითბოა გამჯდარი ტანში
და სიხარული ამიტანს რაღაც,
რომ ერთი კვირა აჭარისტანში
მე არ მივლია უსაქმო აღად.
რომ ჩამოვედი საქმის კაცებთან,
და მათთან ძმური გავსწიე ჯაფა,
რომ ამ დღეებში მე მიტაცებდა
მუშაობაში ხარივით ჩაბმა,
რომ ანთებულმა ცაში ბუხარმა,
მზემ – ჩემს გუნებას შეუწყო ხელი,
რომ აჭარელი გლეხის ფუხარა
ჩემს დახმარებას ძმასავით ელის.
რომ ვარ ნამდვილი ხალხის პოეტი
მდგარი მიწაზე ორივე ფეხით,
რომ ვარ კეთილი, როგორც მოედინ
სურმანიძეა კეთილი გლეხი.
ეს ერთი კვირა თითქოს მხედნიდა
გლეხური ჭკუა ჯანმრთელ ფესვებით,
მიტომ დავტვირთე ლამაზ ქედიდან
დიდი საპალნე სავსე ლექსებით.
ისე მაგარი, გაუტეხავი,
როგორც ბათომის ციხის კედლები,
და ანთებული, როგორც ხელხვავი,
ხასანბეგურა ქობულეთლების.