ევროპა – Blue Horns

ავტორი :

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ევროპა

შესავალი

 

  1. იანვარში

პორტმა, რომელსაც გლაზგო ჰქვია,

დიდს ნიაღვარში

მე გამისტუმრა ევროპიდან ინგლისის გემზე „კაბადოკია“.

ეს იყო მაშინ,

როცა სენაში

ყრიდენ პარიზის მოქალაქენი გერმანელ ტყვეებს…

ვიგონებ დღეებს,

როცა ვერდენს მოადგა შანთი,

როცა დასცალეს ტროკადერო

და ლუვრს მოსტაცეს ლაურა-დე-დიანტი.

გახდა პარიზი უსიცილო და უსიმღერო.

ლიუქსემბურგში:

იდგა ვერლენი ცრემლიანი და თოვლის ქურქში.

ღამის ქალები, პოეტები მოშორდენ „დარკურს“ და კაფე

„ლილლას“

და მათხოვრები სენის ხიდებ ქვეშ მარსელიეზით ხვდებოდენ

დილას.

პარიზელები ყვავილებით, პატარა ჯვრებით

გზავნიდენ ბავშებს პერლაშეზის სასაფლაოზე.

გამოვექეცი ევროპის ქაოსს.

სისხლს,

დანგრეულ რეიმსის ტაძარს,

უზარმაზარ ტანკების ქშენას.

რეინის ირგვლივ თაობათა გადაშენებას.

ვიგონებ მართლა ჟრუანტელით

ლამანშის სრუტეს,

იქ ჩალაგებულ ატლანტიკის ანთებულ გემებს.

შოტლანდიაში:

ვნახე თეთრი ძროხების ჯოგი

და გავიღიმე ვით ნახევრად გაგიჟებულმა…

გამოვექეცი ევროპის წარღვნას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

პარიზში დამრჩა ერთი საფლავი:

ლეგიონის ორდენის წევრი,

აღმოსავლეთში განთქმული გმირი

და ქუთაისში გადამტანი რევოლიუციის,

(1905)

მკვდარი მარნასთან

პერლაშეზზე გასვენებული:

ბუჭუტა აბაშიძე.

 

ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 8