დებედაჩაის ღამე – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1934

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

დებედაჩაის ღამე

სავსე მნათობმა,

როგორც გართობა,

ისე გასტოპა

ვარსკვლავთ ჩქერები.

და შუაღამის მყუდრო მხატვრობა

გაახალისა ვერცხლის ფერებით.

 

ნელი შერხევა

იწყეს ვერხვებმა,

შუქს ეხერხება

მათთან თამაში,

დიდი სიჩუმე უხმო მეხებად

ჩაბუდებულა კლდის აკლდამაში.

სივრცე მედგარი

გახდა ნეტარი.

მესამედ არი –

ჰყივის მამალი,

და სილამაზის სულით შემთბარი

ჯერ გართულია ძილში ტრამალი.

 

დილამ ზეციდან

სხივი შეგვძინა

და ჩაეცინა

თითქოს ქვეყანას,

როს ჩემ მაგიერ ტკბილად ეძინა

მონადირეთა დაღალულ ბანაკს.

 

ფიქრში წასული,

შემოგარსული

მოვსწყდი სასთუმალს

სხივივით ჩქარი.

ვხედავ, მასპინძელ თურქის ასულმა

უკვე განთიადს გაუღო კარი.

 

შემომაცქერდა,

გული აძგერდა,

როგორც ასკერთა86

ბრძოლაში მიწა,

შებრუნდა, როგორც თევზი ფაცერთან,

და მოშრიალე ჭილობზე მიწვა.

 

რა მექნა განა?

მთელი ქვეყანა

ულხინეს ნანას

წარმოადგენდა…

და გადავძახე მძინარე ბანაკს:

ამხანაგებო! უკვე გათენდა!