მთვრალი ხომალდი
როცა უვნებო მდინარეებს გადავდიოდი
აღარ მათრევდენ, ამას ვგრძნობდი, მძიმე გიდები:
იღებდენ მიზნათ მათ მყვირალა წითელკანები,
და ტიტველ ტანებს მიაკრავდენ ფერად სვეტებზე.
მე არ ვზრუნავდი არავითარ ეკიპაჟებზე:
მიმქონდა ქერი, ფლამანდიის ინგლისის ბამბა,
როცა გიდებთან ერთად გაჰქრა დიდი ხმაური,
მდინარეები მე მაძლევდნენ მგზავრობის ნებას.
ცოფიან წყალთა ავ ზრიალში, მე იმ ზამთარში,
რომელიც იყო ყრუ ვით ტვინი პატარა ბავშის _
მივქროდი!.. მიწა, კუნძულები დაშორებული
აღარა გრძნობდენ აურზაურს გაჩირაღდნებულს.
ქარმა დალოცა ჩემი ზღვაზე გამოფხიზლება.
ნაფოტზე მჩალტე ათი ღამე ტალღებზე ვხტოდი,
რომელთაც ჰქვიათ მარად მსხვერპლთა მაგორებელნი
და არ მწყდებოდა გული კანდლის სულელ თვალებზე.
როგორც ტკბილია მწიფე ვაშლის წვენი ბავშვთათვის,
ისე მატკბობდა მწვანე წყალით ტანის ავსება.
მან ჩამომრეცხა სქელი, ლურჯი ღვინის წვეთები,
ჩამომაცალა მინარწყევი, საჭე გასტეხა.
და იმის შემდეგ მე ჩავეშვი ზღვის პოემაში,
რომელიც არის განიერი და დავარსკლული,
რომელიც ყლაპავს მწვანე ლაჟვარდს, რომელიც ხშირად
ჩაფიქრებულად იძირება მკრთალი მცურავი.
საცა უეცრად ცისფერობა შეიღებება…
ქერა დღის შუქში გაგიჟება და ნელი რიტმი,
უფრო მაგარი ალკოჰოლზე, ლირებზე ფართო,
საცა დუღდება სიყვარულის მწარე ამბოხი.
ვიცი ცის ელვა და ქარცეცხლი, ვიცი გრაგანი,
აფეთქებული დილა თითქოს გუნდი მტრედების,
საღამოები… მე მინახავს ხანდისხან ისიც,
რაც ადამიანს ესიზმროდა თითქოს ნახულად.
ვნახე გასვრილი მზე მისტიურ საშინელებით,
იისფერ სხივის ხმელ ჩონჩხებით რომ ანათებდა,
ტალღებს, რომ ჰგავდენ აქტიორებს უძველეს დრამის,
რომელნიც ფართოთ აგორებდენ ფარდების ცახცახს.
მწვანე ღამისთვის ვოცნებობდი, სხიოსან თოვლით
კოცნებს ველოდი ზღვის თვალებს რომ ეშურებიან.
მე ვოცნებობდი სხვა წვენების ადუღებაზე
ხმიან ფოსფორის ყვითლად-ცისფრად გაღვიძებისთვის.
ვაკვირდებოდი როცა ტალღა მოხეთქილ კლდეებს
მიაბღავლებდა ვით საძროხე ისტერიული,
და არ ვფიქრობდი რომ მფრინავი ფეხი მარიის
სადავეს მოსდევს დაუსვრეტელ ოკეანეებს.
მე ვაწყდებოდი _ თქვენ ეს იცით? უღრან ფლორიდებს,
აფთრების თვალთა ფერებს ვრევდი ცისარტყელებში,
რომელნიც იყვნენ აღვირებათ გადაჭიმულნი
ზღვების კიდიდან რუხ და მწვანე ფერის ჯოგებზე.
ვნახე ჭაობის ამაჭრება, უსაზღვრო ტბორი,
რომლის ლაქაშშიც ლპება მთელი ლებიაფანი,
გაჩუმების დროს გადმოვარდნა ნიაღვარების,
და უფსკრულებში სივრცის ავი გადახეთქება.
ვერცხლის მზეები: მყინვარები, სადაფის წყალნი,
და გახირება საზიზღარი სრუტის ფსკერებზე,
სადაც გველები დაძიძგულნი ბაღლინჯოებით
შავი სურნელით მახინჯ ხეებს ეხუტებიან.
მე მსურს ვაჩვენო ბავშებს ზღვათა მოვარაყება,
ოქროს თევზები, მომღერალი ოქროს თევზები…
მე გამგზავრებას მილოცავდენ ყვითელ ქაფები
უცხო ქარები მამზადებდენ მე გასაფრენად.
ხშირად ტანჯული პოლიუსებით ზღვა დაღალული,
რომლის ქვითინი ატკბილებდა ჩემს ქანაობას,
ყვითელ ლაყუჩა ღამის ვარდებს მე მთავაზობდა.
და მე ვრჩებოდი როგორც ქალი დაჩოქებული.
როცა ხომალდთან გროვდებოდა ბევრი ნაგავი
და განავალი თეთრთვალა და მკივან ჩიტების,
მაშინ ჩემს ლარტყებს ეტმასნოდენ თავის მკვლელები
და მიდიოდენ სამუდამოთ დასაძინებლად.
და მე ხომალდი, საშინელად გზა დაბურდული,
გადაგდებული უფრინველო ეთერში ქარით,
რომლის გაბერილ ჩონჩხს ნაპირზე ვერ გაათრევენ
მონიტორები და განზეის მენაოსნები.
თავისუფალი, აყვანილი იისფერ ნისლით
მე გამრღვეველი ნათელ ზეცის, როგორც კედელის,
რომელსაც დააქვს საწუწკარი პოეტებისთვის,
სირსვილი მზისა ქაფიანი დუჟი ლაჟვარდის.
მე ელექტრონის სინათლისგან გამოქცეული,
გიჟი ფიცარი შემორტყმული ბეგემოტებით,
როცა ივლისი კეტის დარტყმით ცას აიძულებს,
რომ ჩამოინგრეს მოვარვარე თავის ძაბრებით.
რომელსაც თრთოლვით მოესმოდა შორი ჭიხვინი,
როცა სქელ მალშტრამს ამაკებდა გიპოპოტამი;
უძრავ სივრცეში ხეტიალას _ მე მეცოდება
ევროპა თავის შეღობილი ნავთსადგურებით.
ბევრი მინახავს დავარსკლული არქიპელაგი,
მათი გიჟი ცა გახსნილია მოცურავისთვის:
იქნებ აქ გძინავს, ჩათრეული ხარ ამ ბნელეთში,
მომავლის ღონე: მილიონი ოქროს ჩიტების.
ბევრი ვიტირე ჭეშმარიტად! სულს მწუხრი ჰპოტნის,
ყოველი მთვარე სასტიკია, ყველა მზე მწარე!
ბასრ სიყვარულის ჯადოსნობით ვარ გავსებული,
ო, დაილეწოს ჩემი ანძა, ჩავძირო ზღვაში!
მე თუ ევროპის წყალი მინდა: მსურს მხოლოდ ფშანი,
ცივი ან შავი, რომელშიაც სურნელ საღამოს,
პატარა ბავში, მოხრილი და კაეშნით სავსე,
სათამაშო ნავს გადაუშვებს, როგორც პეპელას.
ზღვებო! დათენთილს თქვენს წიაღში, არა მაქვს ღონე,
რომ შევაჩერო რბენა ბამბით სავსე გემების,
დროშების, ცეცხლთა ვიგრძნო ძალა და მგზავრად დავრჩე
როს პონტონების საშინელი მზერა მანათებს.