კავკასიონი, ალექსანდრე პუშკინი – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1936

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი

გამოცემა :

თარგმანები, შემოქმედება

კავკასიონი, ალექსანდრე პუშკინი

კავკასიონი

 

მე გადავცქერი კავკასიონს, და ვდგევარ საშიშ

ნაპრალის პირად – მყინვარების და თოვლის ზევით:

გადაღმა კლდეზე წამოფრინდა არწივი რხევით

მე გამისწორდა და უძრავად ელვარებს ცაში.

ვხედავ ასტეხა ნიაღვარმა თავის ზვირთები,

და პირველ ზვავთა მოძრაობას მე ვაკვირდები.

 

ქვევით ღრუბლები თითქოს არსად მიიჩქარიან,

მათ ჩანჩქერები ხლეჩავენ და სცვივიან ხრამში;

შიშველი მთები ჩასდგომიან ერთმანეთს მხარში;

სულ ძირს კი ხავსი, ხრიოკი და ეკალნარია;

და სადაც მუხნარს არე მწვანეთ დაუბურია,

ჩიტების სტვენა და ირმების თქარათქურია.

 

მთებში კი როგორც ბუდეებში, მრავალი ორბის

სახლები სჩანან… კალთებს ცხვარი შემოსევია.

ნათელ მიდამოს აგერ უკვე მწყემსიც სწვევია,

ჩრდილიან ხევში აწყვეტილი არაგვი მორბის.

ბედკრულ ცხენოსანს მოუნახავს კლდეში კარავი,

განგაშებს თერგი გულზვიადი და შემზარავი.

 

თამაშობს, ღმუის – როგორც მხეცი, რომელიც ბორგავს

თუ შეიყნოსა გალიაში საძიძგნი ლეში;

ვეღარ ეტევა თავის ვიწრო საპყრობილეში

და მშიერ ზვირთით გარინდებულ ნაპირებს ლოკავს.

ამაოდ. მისთვის აღარც საზრდო, შველაც როდია,

მისთვის კლდეები შემზღუდველი კალაპოტია.

 

ასე სილაღეს სულს უხუთავს კანონი ავი,

ასე უფლების ქვეშ სწუხდება ველური ტომი,

ასევე ბრაზობს დღეს კავკასი მდუმარედ მდგომი,

ასე სურს უცხო ძალებისგან დაიხსნას თავი.

ალექსანდრე პუშკინი, ლექსები და პოემები, თარგმანი პაოლო იაშვილის, ტფილისი, 1936