რაჟდენ გვეტაძეს – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 30.07.1934

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21347-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

რაჟდენ გვეტაძეს

რაჟდენ სალამი!

ძლიერ მინდოდა შენი ნახვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე. შენ დამპირდი, რომ ერთად გავუშვებ ორ ლექსსო. ორი კი არ ერთიც არ გაგიშვია. კაცო! თქვენი ვერაფერი გამიგია. სწერს კაცი – არ ბეჭდავთ. არ წერ და საყვედურია – რატომ არაფერს აკეთებო. ძლიერ დაიმედებული ვიყავი, რომ რამეს გაუშვებდი. არ ვიცი, რატომ დაბრკოლდა. ნინას უთხარი მაინც მიზეზი.

ახლა გიტოვებ ხუთ ახალ ლექსს. ერთი დიდია. მე მგონია, აქ საეჭვო არაფერი აღარ უნდა იყოს. თამამად შეიძლება მათი დაბეჭვდა. არც მხატვრულად არიან მანცდამაინც სუსტნი და ისედაც მისაღებია სავსებით.

ესენი მაინც დამიბეჭდე, თორემ არავითარი ხალისი აღარ მექნება. ამ ლექსებს შორის შეიძლება შენ რომ გაქვს _ მათი დაბეჭვდაც.

რა უყავით წერილს რუსთაველის თეატრის შესახებ?

უთხარი ნინას!

მივდივარ მოსკოვ-ლენინგრადში გასასეირნებლად.

იმედი მაქვს – ჩემს ინტერესებს დაიცავ.

პატივ-ით შალვა

30/VII. 34 წ.