მამია ფაზელს
მე, მიყვარს ღამე – დაურღვეველ მყუდროობაში,
და გაცრეცილი, სევდიანი ღიმილი მთვარის, –
ვით მწუხარება ქარვისფერი ლამაზი მკვდარის,
და, ყვავილები სასაფლაოს ყრუ დღეობაში.
როს მნათობთ ნისლი ჩაიბნევა მთის ხეობაში,
და, ამთავრდება სიამაყე ძველი საყდარის, –
ამ დროს ხმა მესმის მამიასი, უცხო სადარის,
და, ვამჩნევ ლანდსა, დაფიქრებულს მარტოობაში.
ის, ხან საზარლათ, დემონივით გადიხითხითებს,
ხან-კი – მწუხარე ლოცვებათ ჰქმნის თვის ყრმობის მითებს.
ხან აგონდება მარიამი, ხან კახაბერი –
და ატირდება, ვით ლოცვის დროს – ურწმუნო ბერი;
ხან წყევათა ჰქმნის ბედისადმი მიძღვნილ ნაზ-ოდებს,
და ჩონჩხათ ქმნილი – შუაღამემდის უსიტყვოთ გოდებს.