რაჟდენ!
დღეს რომ კვირაა, მივიღე შენი წერილი. რათ დააგვიანე ამდენ ხანს. ზაზიკო კარგათ არის. საქმე გააჭირვა `მამას~ ძახილით. როგორც კი დავჯდებით სადილად, ამოიღვნეშებს და იტყვის, `ა გდე მოი მამა აბედაიტ~. დილით გამოვა თუ არა, ეცემა ტახტს და იტყვის `აპიატ მოი მამა ნე სპალ~ და სხვა ასეთები… მეჩხუბება, ჩვენც წავიდეთ ქუთაისშიო. ასე და ასე. მე ვიყავი ცოტა ავათ. მგონი, შენ სობასაც მტკივოდა კბილი. არ მივაქციე ყურადღება და პარასკევს საღამოს მომცა სიცხე 39,8 გრადუსი. ექიმს დაუძახე, კომპრესები გამომიწერა, ასე რომ, დილით უკვე კარგათ ვიყავი. სულ ერთი დღე ვიწექი, ასე რომ, არც შენი წიგნი და არც სხვა რამე დამიბრკოლებია, მხოლოდ ერთი დღე დააკლდათ ბავშვებს რძე. ისე კი ყოველ დღე დამაქვს თითო კვარტი. ფული სახელგამში მარტო ხუთი თუმანი მომცეს, ჯერ იმასაც არ მაძლევდა, მერე შევედი ბარონთან და მომცა ხუთი თუმანი. მეც აღარ დამიწყია ჯაჯაღანი. ბავშებს ფული ჯერ ვერ გავუგზავნე, რაგან შაბათს არ გავსულვარ სახლიდან, დღეს კი გრიგოლი ვერ ვნახე, ასე რომ ხვალ გაუგზავნი.
წიგნის წყობას მორჩენ და ხვალ ან ზეგ, როგორც მოიცლიან, შეკვრას დაიწყებენ. შენ ჩამოსვლამდე, მე მგონი, მოთავდეს ყველაფერი.
ბავშვების ამბავს მეკითხები, ალბათ, კარგათ არიან, ისე კი მე არავისგან არაფერი გამიგია მათ შესახებ.
ვექსილები დავიხსენი და სალაროშიდაც შევიტანე ფული. ასე და ასე.
დედა ძალიან გლახათ არის. მაგრამ ჩვენებს, მაინც და მაინც ნურაფერს ეტყვი ისეთს.
იცოდე, კუჭუ, უშაქროთ არ ჩამოხვიდე. ლიზიკოს ადრიანათ მიეცი ფული და ის იშოვნის.
ისე ყველაფერი რიგზეა. ვეცდები, შენი დირექტივები შევასრულო.
შენ წარმოიდგინე, კუჭუ, ზაზიკოს კი არა, მეც ძალიან მაკლიხარ და მომენატრე კიდეც. ამ დღეებში მაინც მეტის მეტ ცუდ გუნებაზე ვიყავი, ალბათ დედას გამო, და მინდოდა, ახლო ადამიანისათვის გამეზიარებინა.
მაინც შენ როდის აპირებ ჩამოსვლას, მოიწრე.
კიდევ, შე საძაგელო, რომ იწერები ქეთოს მისამართით მომწერე წერილიო, რა ვიცი მე ქეთოს მისამართი, ბარეღამ დაგეწერა ორი სიტყვა. მე არც ქუჩის სახელი მახსოვს და ნომერიც არ ვიცი ხეირიანად. ასე რომ, არ ვიცი, რა მოუხერხო ამ წერილს. გადავწყვიტე, თიატრში გამოგიგზავნო კუკურის სახელზე და ის ამოგიტანს, შემდეგში კი მომწერე მისამართი.
წერილს ნუ დააგვიანებ. შენც როდის ჩამოხვალ, მომწერე.
სალამი ჩვენებს. საერთოდ ყველაფერი დაწვრილებით მომწერე.
როგორც შენი წერილიდან ვხედავ, კოლექტივიზაციის ამბავს ვერ მოუხდენია შენზე სათანადო შთაბეჭდილება. მაგრამ ამაზე შემდეგ.
ჭკუით იყავი. იცოდე, არ დათვრე და არ გაცივდე.
მაშ ასე, ველი წერილს, გაფიცებ, ნუ დააგვიანებ.
ზაზიკომ გაკოცა, მეც.
შენი ნინო
23/II – 30 წ.