რაჟდენ გვეტაძეს – Blue Horns

ავტორი : გრიგოლ აბაშიძე

თარიღი : 13.11.1937

ადგილი : მოსკოვი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21335-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

რაჟდენ გვეტაძეს

13 ნოემბერი, მოსკოვი.

სალამი პატივცემულო რაჟდენ!

როგორ ბრძანდებით, ან თქვენები როგორ არიან! შ. დემეტრაძეს გამოვუგზავნე ბარათი, სადაც თქვენთვის გადასაცემი წერილი იყო და რადგან შალვამ არაფერი მიპასუხა არ ვიცი მიიღეთ თუ არა.

თუ მიიღეთ, კიდევ შეგაწუხებთ, რადგან პასუხი არ ვიცი.

პატ. რაჟდენ!

მალე ჩემი პოემა მზად მექნება. მე ისე წამოვედი უეცრად, რომ ვერ გნახეთ (ჩემი წიგნიც ვერ მოგეცით) და საერთოდ ვერ გელაპარაკეთ. მინდა, ახალი (38) წლის გეგმაში მოხვდეს ჩემი პოემა (და რამდენიმე ახალი ლექსი).

ალბათ უკვე გვიან არი, მაგრამ რაკი თქვენა ხართ ამჟამად გამომცემლობის ხელმძღვანელი, ვფიქრობ გაკეთდება, მით უფრო, რომ ყველამ იცის, ვისი მითითებითაც ვწერ ამ პოემას. თუ უკვე თქვენს გარდა სხვისი ჩარევაცაა საჭირო, მაშინ ჩარკვიანს მივწერ და დამეხმარება.

ერთი სიტყვით, მე მაგ წიგნის იმედით არაფერს არ ვგზავნი ჯერჯერობით დასაბეჭდად. ძალიან იმედი მაქვს, გააკეთებთ (სულ 2000 სტრიქონი). სხვათაშორის მე ჯერ ასე არაფერი დამიწერია, ლექსები კი.. თავის ქება ცუდი საქმეა, თვითონ რომ ნახავთ, ის სჯობს.

ძალიან გთხოვთ, ნუ დაიზარებთ პატარა ბარათს. მაცნობეთ პასუხი! ვზივარ მოსკოვში, ვმეცადინეობ და ვმუშაობ. მადაური არაფერი ვიცი.

მომიკითხეთ თქვენები.

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,

გრიშა აბაშიძე