ძველად, მეფე მირიანის დროს, ქართველები თურმე თაყვანს ცემდენ კერპებს. ამბობენ ყველაზე უფრო ძლიერი კერპი იყოო მაშინ არმაზი.
წელიწადში ერთხელ, ამ ღმერთის სათაყვანოთ, რომელიც აღმართული იყო მცხეთის ახლოს და რომელსაც ერქვა არმაზის გორა, მოდიოდნენ საქართველოს ყველა კუთხიდან.
დღესასწაულზე ვაჭრებს მოქონდათ აქლემებით ფასუდები, ნივთები და ოქროს ძაფით ნაკერი სამოსი. ამ დროს ყველაზე უფრო მდიდარი სოვდაგარი იყო კოლხეთში. იგი შეუდგა მზადებას მცხეთას წასასვლელად. დატვირთა ნაირი განძეულობით ორასი აქლემი, ასი ჯორი, სამგზავრო ხაბაკით – ორმოცი ვირი. თვითონ შეჯდა საარაკოთ მორთულ სპილოზე, დალოცა შვილები და უბრძანა ამალას დაძვრა. ქარავანს გარს მიყვებოდა გარეული ხარების მსგავსი ძაღლები. აქლემების კისერზე შებმული ზარებისა და გზის მაჩვენებლის საყვირის ხმა შიშნარევ ხმაურით ედებოდა არეს. სოვდაგარი რომ ალმასის წყაროს მიუახლოვდა, მზე შუაზე გატეხილ ოქროს ფულივით ჩანდა. ბრძანა ქარავნის შეჩერება. დადგეს ლერწამის ჯოხებზე გადაფარული აბრეშუმის კარვები. დაანთეს ცეცხლი. ქარავანს ჩამოხსნეს ტვირთი და ძაღლები აუშვეს. ღამე იყო უმთვარო. მიწყნარდა ყველაფერი. უცებ გაისმა საშინელი ტკივილებით შეუკავებელი კივილი. სოვდაგარს ჯერ კიდევ არ დაძინებოდა და ბრძანა, გაეგოთ ამბავი. უფროსმა ებგურმა მოახსენა, რომ მახლობელ ქოხში ქალი გამხდარა ავათ პირველ ძეობით და უჭირსო მორჩენა. სოვდაგარს აღარ დაეძინა – გაახსენდა თავის ცოლი, რომელიც მეოთხე შვილზე ძეობას გადაყვა და ცრემლმორეულმა დაიწყო ლოცვა მისთვის.
კივილი თანობით ნელდებოდა… და ქოხიდან ნაღვერდალები ისროლეს, ნიშნად ვაჟის დაბადებისა.
ნაშუაღამევს, ბრინჯის ხეზე, სადაც იდგა სოვდაგარის კარავი, მოფრინდა სამი უცხო ფრინველი. მას კიდევ არ ეძინა.
ერთი ფრინველი თეთრი იყო თოვლივით. ორი – კუპრივით შავი. ერთმა შავმა ფრინველმა თქვა – ამღანდელი დაბადებული 12 წლის რომ გახდეს, დაიწვასო საკორეში. მეორემ – 18 წლისამ წითელ გველს წაართვას ნატვრის თვალი, მაგრამ გველმა მოასწროს კბენა და მოკვდეს.
თეთრმა ფრინველმა, რომელსაც ფრთებზე ვარსკვლავები უბრწყინავდა, თქვა – ამაღანდელი ნაშობი იქნეს მქონე ზღაპრათ გაგონილ სილამაზის და ამ სოვდაგრის სიმდიდრის გახდესო პატრონი.
შეშინებული სოვდაგარი დაემხო და როცა გონს მოვიდა, გაკვირვებით ფიქრობდა, როგორ უნდა გახდეს ის ჩემი სიმდიდრის პატრონი, როცა ორი კაცი რაინდი მყავს და ასული ულამაზესი ყველაზე. მეც ჯერ არა ვარო მოხუცი.
სოვდაგარი მთელი ღამე გაგონილზე ფიქრობდა. ინათა და გზის მაჩვენებელმა საყვირით ანიშნა ქარავანს წასვლის დრო.
სოვდაგარი მიუახლოვდა არმაზის გორას, აარჩია ადგილი და ბრძანა დაბანაკება. უცებ შეიქნა საამური ხმაური, სიმღერა და ძახილი საყვირების. ხალხი გაიყო შუაზე, როგორც ზღვა მოსეს კვერთხით და გამოჩნდა ფრთიანი ცხენებით ოქროს ეტლი – შიგ ისხდა მეფე მირიანი დედოფლით. საყვარელ მეფეს გზაზე უფენდენ ყვავილებს და ძვირფას ქსოვილებს.
მეფე-დედოფალი მივიდა არმაზის წინ და მუხლი მოიყარეს. ამ დროს შეიქნა ჭექა-ქუხილი, ზარი და ზათქი, ცა ინგრეოდა, საშინელი გრიგალი თხრიდა ხეებს, ვირის თავების ოდენა კოხი ამსხვრევდა ყველაფერს. გავარდა მეხი და არმაზი თვალისმჭრელი ოქროს სამოსით უფსკრულში გადავარდა.
მეფე-დედოფალი ნახეს უვნებელი. უმრავლესობა მლოცველების დაიღუპა. არაფერი დაკლებოდა მხოლოდ სოვდაგარს.
სოვდაგარი დაბრუნდა ძველი გზით და ქოხის პატრონს შეუთვალა, მაშვილეო შენი ვაჟი და სანაცვლოდ მოგცემო უამარ სიმდიდრეს. წასული უარით დაბრუნდა.
სოვდაგარმა ბრძანა, დაეტვირთათ ათი აქლემი ძვირფასი განძით და თვითონ წავიდა. მიტანილ სიმდიდრით ღარიბი მშობლები ტირილით იყაბულა.
ორი დღის სიარულის შემდეგ თხოთის მთას რომ მიუახლოვდენ, სოვდაგარმა უბრძანა ქარავანის უხუცესს, წაეყვანა ბავშვი მთაში და მოეკლა.
უხუცესმა ერთ ბებერ ბრინჯის ხის ქვეშ ბავშვი დატოვა ცოცხალი და სიბრალულით თქვა: აქო მაინც რა გადაარჩენს. მეფე მირიანი იმ დღეს სანადიროთ წასულიყო თხოთის მთაზე. ერთმა კარისკაცმა გაიგონა ბავშვის ტირილი და მეფემ ბრძანა ნახვა მისი. რომელიც მაშინვე გაატანა მნახველს სასახლეში.
უეცრად მზე დაბნელდა და შეშინებული მეფე შეევედრა წმ. ნინოს ღმერთს და მზემ კვლავ გაანათა. ამის შემდეგ, ამბობენ, პირველათ მირიანმა ირწმუნაო ქრისტე.
გავიდა ხანი. ნახული ბავშვი გაიზარდა, რომელიც ყველას აკვირვებდა თავის სილამაზით და რაიდული ტანადობით. მეფემ შეიყვარა ის შვილებზე უფრო.
მოულოდნელად საქართველოს შემოესია კაცის მჭამელი ხალხი და მეფე მირიანი ნახული შვილით წავიდა საბრძოლველათ. მეფემ თითქმის სრულიად გაწყვიტა მტერი და გამარჯვებული დაბრუნდა მცხეთას. რომელიც მეტად გაკვირვებული იყო ნახული შვილის გმირობით.
ამ გამარჯვების აღსანიშნავათ მეფემ მოიწვია საქართველოს ყველა თავადი და აზნაური, ომებში სახელგანთქმული გლეხები, სამღვდლო პირნი და ვაჭარნი, სხვათა შორის, კოლხელი სოვდაგარი, რომელსაც მეფე პირადათ იცნობდა.
გაიმართა საარაკო ნადიმი. მეფემ დალია დედოფლის, შვილების და ნახული შვილის სადღეგრძელო. ყველას გაუკვირდა „ნახულის” ხსენება. მეფე მოუყვა, თუ თხოთის მთაში როგორ იპოვა ის და რომელიც ეხლა მიყვარსო თავზე უფრო.
სოვდაგარს ეცვალა ფერი და შეწუხებული მაინც თვალს ვერ აშორებდა „ნახულის” სილამაზეს…