ავანთებ სანთელს ვრუბელის წინ, მოთენთილ ხელით,
გადავშლი ბოდლერს, გადვიკითხავ მის „მარტოობას“.
მეტყვიან ლანდნი, უცხო ლანდნი: „ჩვენ შენ მოგელით“,
შემოგვიერთდი, ახლობელო, გიცხადებთ ძმობას.
ჩვენ შეგვიყვარდა შენი სახე, ჩვენსავით მკრთალი,
შენი ოცნება უიმედო, გრძნობა სნეული,
ნუ შეგაშინებს ღამისფერი ჩვენი შრიალი,
ჩვენი ალერსი, ჩვენი კრთომა, ხმა შორეული.
დღეს გესალმება წყვდიადიდან შენ ჩვენი გუნდი,
გემუდარებით, რომ იწამო ჩვენი ზღაპარი.
ჩააქრე ცეცხლი, სამშობლოში ისევ დაბრუნდი,
გესმის, როგორ ქრის სასიკვდილო მარადი ქარი!
გაბედე მხოლოდ, უარყავი ეს ყოფნა ძნელი,
სინათლე მზისა და დღეების გამეორება,
და შენ მიხვდები, თუ რა არის მთვარის სურნელი,
და შენ გაიგებ, თუ რა არის ლანდის ცხოვრება!
ავახელ თვალსა და გაქრება ლანდთა ღრუბელი,
– ჩემს წინ ბოდლერი, გადაშლილი ვით სახარება;
გიჟურ თვალებით შემომხედავს ჩემი ვრუბელი,
სინამდვილეში დაბრუნება დამეზარება.