Fata Morgana – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 01.12.1920

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 6814-1-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

Fata Morgana

დიდხანს ვიყავი ბოგემა სარკის

მე – საიქიოს მთვარით ნაბური.

და მომენატრა ცის უფრო კარგის

მზე ოქროსფერი და უდაბური.

 

მაგრამ დილის და შუადღის ალებს

ღონემიხდილი მე ძლივს ავიტან.

ელეაზარი – სული კანკალებს –

დაბრუნებული ცივ საფლავიდან.

 

მე მზის წყურვილი ვერ მოვიკალი.

არ ვესალმები მზის სხივებს განა?

და უცბად ჩნდება როგორც გრიგალი

უცხო დაისის фატა-მორგანა.

 

ათრთოლებული დაისი არის

ელიზიური ნაცნობ ლანდების.

და აქვითინდენ სიმები ქნარის

და ჰქრიან ქარნი სარაბანდების.

 

გადავვარდები როგორც ჯამბაზი

დაისში თავით – ღვთისგან ქებული.

და ვით პეპელა იწვის ლამპაზე –

მე დავიწვები გაბრწყინებული.

 

1 დეკემბერი, 1920 წელი