ჭიქის სასახლე – ნაოცნები ავი ჰაშიშით,
კარებში სდგანან ქიმერები სასტიკ მცველებათ.
ფირუზ კიბეზე მე ავდივარ ნამალევ შიშით,
ნუ თუ მე ვინმე საყვარელი მომეშველება?
სარკის მინიდან გამოსცურდა თვით ოფელია
და ყელსახვევი გამისწორა წვიმისფერ ხელით.
შემდეგ განისლდა სიმარტოვე ულმობელია;
რაფიდან მიცქერს მედიდური შავი ფრინველი.
და ხმა მომესმა უხილავი, როგორც ლანდება!
შედი აჩრდილთა შენთვის გახსნილ იდუმალ რკალში;
შენი ოცნება გაიღვიძებს და დაქანდება
სამარადჟამო და უძირო ბროლთა გრიგალში.
ჭლექის ასულნი კანკალებენ მინის უბეში
(იქაც სარკეებს ვერ აშორდა ჩემ თვალთა ცქერა)
თითქოს ვბრძანდებით სხვა ნათელის სამეუფოში: –
ჩვენი ცეკვიდან სარკეები სულ დაისერა.
უეცრად მინას მოევლინა ცეცხლის სამყარო,
იწვიან ალში ორეულნი – ჩვენთან შობილნი,
მათი სიმღერა მაღალია და უსამხარო,
კვდებიან კვამლში სახეები დაუნთებელნი.
სარკეთა რკალი გავიარეთ, როგორც ტყეები.
უსაზღვრო ბროლში დამწყვდეულნი – უკან ვბრუნდებით.
კვლავ დაისები ელვარებენ და სარკეები –
ახლოა ცეცხლი, რომ გაბრმავებს იაგუნდებით.
ყოველი მხრიდან სარკეები ისვრიან ალებს,
გადაქცეულან ჩირაღდნებათ ორეულები.
ცეცხლის კოშკები, მტილწარები და ხვეულები: –
აი სიგიჟეც თავის სასროლს ააფრიალებს
ლალის წურბელნი ეხვევიან აჩრდილებს ჭარბათ,
მაგრამ მინაში მეფობს მხოლოდ კეთროვანება.
სული იკაკვის გამჭვირვალე მორევში ხარბათ,
როგორც მუხლების გრძელ კაბაში ყრუ ხმოვანება.
ხელებს გვიშვერენ აჩრდილები ხვეწნით, მუქარით.
ახლა ისინი გადარჩენას ჩვენით ფიქრობენ.
მწველ სარკეებში მიგვაქანებს გრიგალი ჩქარი –
ორეულები ტანზე ცეცხლებს ვერ დაიქრობენ.
და ქარიშხალმა ფრთა გაშალა ცხელ განდევნაში,
გვეგონა, თუ ის სხვა უფსკრულში გაგვისროლიდა
ორეულები დაგვახრჩობენ ალურ ხვევნაში,
ვეღარ გამოვალთ ვერასოდეს სასტიკ ბრძოლიდან.
ბროლთა ზმანება დაისების ცეცხლში ტარდება,
როგორც ხომალდი დაღუპული მძიმე არავით
და კიდევ ერთხელ დასანგრევათ აემართება
ყორნის თვალებში ეს სასახლე დაუფარავი.
ვ. გაფრინდაშვილი
1917 წ. თებერვალი
გასწორებულია.
უნდა დავწერო გარკვეული ხელით „ქუთაისი ქარში“.