ჩემს აჩრდილს – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 02.1916

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, №1

პოეზია

ჩემს აჩრდილს

ვინ არის სარკის უფსკრულიდან რომ მევლინება,

ვისი თვალები ემუქრება ჩემს ფერმკრთალ თვალებს?

ნუ თუ მე მიცქერს საკუთარი ჩემი ჩვენება,

ნუ თუ ჩემს გულში მისტიური შიში იალებს?

 

მისი ღიმილი ჩემში ბნელად გაიშრიალებს.

უშიშარი დღის სადღა არის ცხადი ხსენება?

თეთრი ოცნება გადარჩენის თანდათან ქრება,

– დამწვარ სხეულის ჩემს გარშემო სუნი ტრიალებს.

 

ასე სასტიკათ რად მიცქერი მწუხარე ლანდო,

ჩემი წამება, ულმობელო, შენ ვინ მოგანდო?

ვინ გაგიმთვარა აგზნებული, ტანჯული სახე,

 

სარკის მორევში კანკალითა რომ დავინახე?

გადიდდა სარკე, ზვირთებიან ზღვათ გარდაქმნილი,

და მის ტალღებში იძირება ჩემი აჩრდილი!