მართლაც საშინელია პოეტის კარიერა. ერთი წლის განმავლობაში სამი მსხვერპლი ჭლექის და თვითმკვლელობის: საგანელი, ლილი მეუნარგია და შალვა კარმელი.
თანდათან მცირდება საბედისწერო ნიამორების რიცხვი.
ქართული პოეზიის მითოლოგიას შეემატა კიდევ ერთი უსპეტაკესი სახელი, კიდევ ერთი გმირი.
შალვა კარმელი უპირველეს ყოვლისა რითმის კავალერი იყო. არც ერთი ქართველი პოეტი ისეთი დაუღალავი სისწორით არ ანხორციელებდა თავის ლექსებში ფორმულას ქალურ და ვაჟურ რითმების შესახებ, როგორც შალვა კარმელი. თავის ავტოპორტრეტში ის კიდევაც ამაყობს: „პირველათ რითმა რომ გავმართე ქართულ ლექსებში!“
შალვას უყვარდა თავგამეტებით ქართული პოეზია და ის იყო შესანიშნავი მცოდნე მთელ თანამედროვე პოეზიის. ბევრი ახალი რითმები შესძინა შალვამ ქართულ პოეზიას. თავის მტერს _ ტუბერკულოზს ის თითქმის არ ეხებოდა თავის ლექსებში. ალბათ ძნელია ფამილიარობა თუნდაც შემოქმედებით იმ კოშმარულ სენთან _ რომლის სახელია თვითმპყრობელი ტუბერკულოზი.
მორის როლინამ _ ბოდლერის მემკვიდრემ, ფრანგულ პოეზიის ყველაზე უფრო დიდმა ნევრასტენიკმა დაახასიათა თავისი შემოქმედება, როგორც `აგონია კიდევ შეგნებული სიგიჟის~.
შალვამ ამხილა თავისი სულიერი ტანჯვა, ჭლექით გამოწვეული, სონეტში, რომელშიდაც მიმართავს ორ მგლოვიარე დას _ მეფისქალებს ტრაურებში:
კარგი რომ ჩემში ნიღაბებით მამაკაცია,
და ვიტან გრიგალს, სასიკდილოთ გულს რომ აყუჩებს, –
თორემ ვიხჩობი და ვერავის ვერ ვთხოვ ლაყუჩებს.
მთელი აგონია შალვა კარმელის, აგონია ფარული და მით უმეტეს წამებული, ჰკივის ამ „ლაყუჩებით“. თითქოს ის გადმოსროლილი იყო როგორც თევზი წყლის სტიქიიდან ხმელეთზე და იხჩობოდა. მისი აქამდის დაუფასებელი შედევრი „სანბენიტო“ – ჭლექის ამღერებაა.
მას უყვარდა ეკზოტიური თემები: ბაბილონი, სარდანაპალი, კართაგენი, სემირამიდის ბაღი, ერანი, იუდეის ასული სალამბოს ტრირემა. ამ თემების დამუშავებაში ის იყო ნამდვილი პარნასელი, იმავე დროს შალვა კარმელი აფასებდა პოეტებს – სიმვოლისტებს: ბოდლერს, პოლ ვერლენს, გიუსმანსის გმირს გადაგვარებულ თავადს დეზესენტს.
როგორც ნამდვილი პარნასელი ის ამშვენებდა თავის ლექსებს მდიდარი და უეჭველი რითმებით. ასონანსი იშვიათი სტუმარია მისი ლექსების.
თითქმის პროვიდენციალურია ეს სტრიქონები ლექსიდან: „ქუთაისი – მკვდარი ბრიუგგე“:
„გუშინ ვაგონში ფერმკრთალები შიშობდენ ჭლექზე.
ისროდა ველებს სექტორებათ უცხო მედისკე,
მე კი მათრობდა მხოლოდ ერთი ძვირფასი ლექსი:
მიმქონდა ხსოვნა ელენესი იმერეთისკენ“.
მკვდარო ქალაქო, გაიღვიძე: მოვიდენ მტრები
და მოახლოვდა შებრძოლება, სითეთრე დილის,
დაუტირებლად შენ ცოფიან გრიგალში ქრები,
როს ყველა ცრემლი დაუტოვე საყვარელ ტფილისს.
………………..
მშობელო მიწავ! ორივენი ვართ ჩვენ წყეული
და ვერ ავცდებით დამარცხებას, სირცხვილს, ეშაფოტს.
ამავე ლექსში არის ასეთი მოულოდნელი სახეები: „და ღამდებიან ოცნებები როდენბახებით“, „როგორც პრინცესსა მგლოვიარე გვფარავს მოწყენა“.
შალვა კარმელმა იცოდა გაბედული თქმა ახალი სიტყვის; ერთ მის ლექსში არის ასეთი რითმა: მორჩილი – დანორჩილი. სიტყვა ნორჩი იმან მოაბრუნა, როგორც დიდმა ოსტატმა და შესძინა ქართულ პოეზიას ახალი რითმა და ახალი სიტყვა. ის ბევრს მუშაობდა ლექსზე: მან სთარგმნა ალბერ სამენის „ვერსალი“ და მე შემთხვევით ხელთ ჩამივარდა ოთხი ვარიანტი ამ თარგმანის. პოეზია და ლექსი იყო სტიქია შალვა კარმელის. ის კულტურული იყო ზედმიწევნით და იყო ნიშნები, რომ ის გახდებოდა ქართული პოეზიის ტეოდორ დე-ბანვილი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა რითმა და იმავე დროს ჭეშმარიტ პოეტად ითვლებოდა. შალვა კარმელის ლექსი „არტემიდა“, რომელიც მე ვთარგმნე რუსულ ენაზე, აცოცხლებს მითოლოგიას და გამოხატავს მის პირად აღტაცებას ქალის წინაშე:
ჩვენი საღამო სურნელია ხრიზანტემიდან:
ვხედავ, მთვარიდან გადმოეშვა ცის არტემიდა,
მიჰქრის მწევრებით სანადიროთ, როგორც გრიგალი.
ვიცი, შენც წახვალ! გზა გეშლება ვარდის ტევრებათ.
დაგედევნება არტემიდას ერთგულ მწევრებათ: –
ჩემი სონეტი, ჩემი რონდო და მადრიგალი.
სონეტის ფორმა ემარჯვებოდა „ბაბილონის“ ავტორს და აქაც სჩანს მისი პარნასელობა. მის პატარა წიგნში ათი სონეტია. უფრო ხშირად წარსული საუკუნეები აღვიძებდენ მის ფანტაზიას და ყოველდღიურ ცხოვრებასთან მას თითქმის კავშირი არ ქონდა.
სულ ხშირად იგონებდა ის ედგარ პოეს და სიკვდილის ყორანი უკანასკნელად გამოეცხადა მას და ახალგაზრდას, პოეტურ იმედებით სავსეს მიესალმა ულმობელი სალამით: `ნევერმოზ~.