სამგლოვიარო ტოსტი აშორდიას გარდაცვალებაზე – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 27.08.1920

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 6814-3-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სამგლოვიარო ტოსტი აშორდიას გარდაცვალებაზე

ჩემმა ოცნებამ ცის გაღებულ კარებს მიასწრო.

მოველი ჯარებს დაისიდან, ვით კეისარი.

ორი სარდალი: აშორდია და კალიოსტრო –

იწყება ომი ძველებური შუბით, ისარით.

 

ცრუ ქიმერები შეებრძოლენ ცრუ აზნაურებს.

სიკვდილის ცეცხლში გაჰკივიან ამორძალები.

თავის დანაკლისს იმ წუთშივე ინაზღაურებს

გრაф კალიოსტრო და სწორია ისევ ძალები.

 

ქმნიან: რაინდებს აშორდია დაუზვერავი

და კალიოსტრო – ჯავაირჩი ფრთიან საპფირებს.

ლურჯ და ალისფერ ლაშქრობაში მეტობს ვერავინ,

მაგრამ დახევას თვალ-ლალების მეფე აპირებს.

 

მას ქართულ ჯარით ჩოხოსანი გაეკიდება.

აზნაურები ამარცხებენ ბროლის ყაჩაღებს.

და რადგან ერგო აშორდიას მეფის დიდება –

მარგალიტის ტახტს დაისებში ის გააჩაღებს.

 

ახლა უყივის თავის მგოსანს – უნდა აჩუქოს

თავადის ღერბი – ზიარების ზამბახათ შლილი –

ოქროს გვირგვინით სამუდამოთ რომ გააშუქოს

თავის მემკვიდრე – ვალერიან გაფრინდაშვილი.

 

27 აგვისტო, 1920 წელი