სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა თვითმკვლელობის.
არა მსურს ვიყო ვიკტორ ჰიუგო
ან აკაკი. მე მირჩევნია,
დავიღუპო – როგორც ბოგემა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა გარდა სიგიჟის.
არა მსურს, ვიყო ბედნიერი როგორც გოეტე.
მე მირჩევნია დავიღუპო, როგორც როლლინა.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა გარდა ჭლექისა.
დღეგრძელ მალარმეს მირჩევნია ისევ ლაფორგი.
პოეტისთვის მე ვიწამე სამი კარიერა:
სიგიჟე, ჭლექი და თვითმკვლელობა.
სალამი შენ – ტროტუარის პოეტო –
შენ ეკუთვნი თვითმკვლელების დინასტიას
და შენი გვარი რაინდული არის – ლოზინსკი.
სამარცხვინოა პოეტისთვის დიდი სიცოცხლე – დიდი წიგნები.
უთუოდ ჰქონდა ბუასილი ფაუსტის ავტორს.
მე ვესალმები დღენაკლულ პოეტებს.
მე მინდა კიდევ ჩამოვთვალო ეს სახელები:
ჟერარ დე ნერვალ, მორის როლინა, ჩატერტონ,
ჟიულ ლაფორგ, ლორტრეამონ, შელლი და გრიგოლ აბაშიძე.
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა, გარდა ლოთობის
კარიერა მარტოობის და ლოთობის:
დიდი ედგარი ნახეს ქუჩაში მთვრალი
სავსე და მომაკვდავი
და ესეც იყო ხარაკირი.
მე მეზარება პოეტისთვის რამე ხელობა.
მისთვის ვიწამე სამი ბრწყინვალე კარიერა:
სიგიჟე, ჭლექი ალკოგოლი და თვითმკვლელობა.
სიკვდილი იყოს ამ დუელში შავ ბარიერად.
ვალერიან გაფრინდაშვილი
11 ოკტომბერი, 1921 წელი
ტფილისი
შეიძლება მექმნეს წერილი: პოეტები – თავისმკვლელები.