ოფელიას დღესასწაული / კაკადუ – მისანი – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 01.07.1920

ადგილი : ბათუმი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 6811-ხ.

გამოცემა :

პოეზია

ოფელიას დღესასწაული / კაკადუ – მისანი

ოფელიას დღესასწაული

მხოლოდ ერთი დღე წელიწადში ვიუქმო მინდა.

ოფელიას დღე – საოცნებო როგორც მირაჟი.

შემოდგომაზე გაფითრდება ჰაერი წმინდა

მზეთუნახავი გამოჩნდება ცის დაირაში.

 

წვიმის ასული – სევდიანი და უწყინარი

ავდარის წვეთებს ჩამოჰყვება ვით ანგელოსი.

იმას მიიღებს აღმატებით ლურჯი მდინარე,

დაიცრემლება ჟანგიანი სახე მდელოსი.

 

ეს დღე იუქმეთ ჩემთან ერთად თქვენ პოეტებო,

პრინცის საცოლოს გაგიჟებულს ეცით თაყვანი.

დილიდან ახალ იორდანეს ბრბო მოედება

იქნება ქალი ტალღებიდან ამოსაყვანი.

1920 წ.

 

კაკადუ – მისანი

მოხეტიალე პაგანინი დადის არღანით.

არღანის თავზე თუთიყუში ზის მედიდური.

ის ყველას აძლევს ბედის ფურცელს და არმაღანი

ხანდახან არი სასიამო, ხან კი ბითური.

თავის კაკადუს პაგანინი ჰგავს გძელი ცხვირით.

ისინი ერთად ბერდებიან, ვით ქიმერები.

იმათ სწვავს სიცხე და ასველებს ავდარი ხშირი.

ფრინველის ტანზე გადახუნდენ უცხო ფერები.

ახლა კაკადუ – მარჩიელი ხშირად ღალდება.

პოეტს და კახპას მიაწოდებს ბილეთს ხალისით.

პოეტი ამაყ ლერწამივით აკანკალდება

იკივლებს ქალი უბედური ხმით უაღრესით.

ჰამლეტი, საფო, ოფელია და კანიბალი

თუთიყუშის წინ წადგებიან ლანდურ ხაზებით

აჩრდილებს უნდათ კიდევ ერთხელ სცადონ იღბალი,

მაგრამ დახევენ ბედის ფურცლებს მეტ გაბრაზებით.

მოხუცებულა თუთიყუში და ეყვინთება,

მოდის ნილოსი საგუბებით და ნიანგებით.

მის ოცნებაში თვალჩასმული სფინქსი ინთება,

თაყვანს რომ სცემენ ტანშიშველი მრუში ზანგები.

ბათომი. ივლისი, 1920 წ.

 

პოეზია და ზღვა (და წყალი). მგონი, დავკარგე ეს წერილი, ისევ უნდა დავწერო. გომიროსი, ბაირონი, შელლი. შექსპირი (ოფელია). საფო. შელლი. რემბო – მთვრალი ხომალდი. ცისფერი ყანწელების შეხვედრა ზღვასთან ბათუმში 1920 წელში.

ვალერიან გაფრინდაშვილი

 

ვალერიან გაფრინდაშვილი, ოფელიას დღესასწაული, კაკადუ მისანი, 1920. 6811-1ვალერიან გაფრინდაშვილი, ოფელიას დღესასწაული, კაკადუ მისანი, 1920. 6811-2