მე და ოფელია – Blue Horns

ავტორი :

თარიღი : 22.11.1920

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 6810-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მე და ოფელია

ჰამლეტს არ ერგო ოფელია მეც არ მერგება

და მაინც ვეტრფი მოჩვენებას ზმანებულს ყალბათ.

მე მისი სახე ოცნებაში ჩამენერგება.

საიქიოში ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ალბათ.

 

მე მისთვის მინდა თვალ ლალების პატიოსნება

სხვა პოეტების წუთიერი გაჩოხოსნება.

თეთრ, მიუწდომელ ოფელიას ჩემი ოცნება

მეორედ მოსვლის აღდგომამდე არ უღალატებს.

 

დაისი მოდის – აიმართა ცეცხლის ჯებირი –

ზედ ოფელია გამოჩნდება კიდევ მესამედ.

ეს აღარ არის გადმოცემა მხოლოდ ზეპირი

ვნახე ასული და იისფერ ცრემლით ვეწამე.

 

დაისის ფარდა – საიქიოს მარადი ფარდა –

როგორც მირაჟი ვარდისფერი იწვის, ზმანდება.

არავინ მოსჩანს ოფელიას აჩრდილის გარდა

და მასთან მისვლა სამუდამოთ მაგვიანდება.

 

უკვდავებისკენ გზა ალური მიდის დაისით.

ჩემი ოცნება ოფელიას კავალერია.

ცაზე სამსხვერპლო დაიფერფლა უზედაესი,

და იქ ასული ელოდება კენტ ვალერიანს.

 

22 ნოემბერი, 1920 წელი

 

 

 

 

1921 წ. 1 იანვარი – მე ვესალმები მომავალ რითმებს და სახეებს.

ცაზე ტაძარი დაეკიდა უზედაესი – და იქ ასული ელოდება კენტ ვალერიანს.

 

Запах следует за ней, как шлеиф.

ყეენი ოღოდაისი. სურნელი სამკუთხედი.

 

ო, ეს სურნელი შლეიფია მაღალ დედოფლის,

იმას მიჰყვება ეს სურნელი მუდამ მორჩილი

მიდის ხეივნით – ოფლია…

 

  1. საფირონი და კლეოპატრა. 2. 3. ტოსტი აშორდიას გ. 4. მე და ოფელია. 5. დაისი საროსკიპო. 6. კაკადუ-მისანი. 7. ოფელიას დღე. 8. დაისების რეჟისორი. 9. მთვარეების ნევროზი. 10. ოკტომბრის დეზდემონა. 11. პაოლო იაშვილს. 12. თეთრი საცოლო. 13. ჩემი ოცნება. 14. მოწოდება. 15. ნადიმი. 16. წვიმის ასული.