პირადი ბარათი და ავტობიოგრაფია – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 1937

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 22755-ხ.

გამოცემა :

ავტობიოგრაფია, ბიოგრაფიები

პირადი ბარათი და ავტობიოგრაფია

დავიბადე 1889 წ. ქუთაისში მასწავლებლის ოჯახში.

საშუალო განათლება მივიღე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

შემდეგ ვსწავლობდი ყოფ. საიმპერატორო უნივერსიტეტში მოსკოვში, დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი 1914 წელს.

წერა დავიწყე გიმნაზიიდან რუსულ ენაზე. პირველი ჩემი თარგმანი ფრანგი პოეტი სიულლი პრიუდომისა დაიბეჭდა მოსკოვის „საორშაბათო გაზეთში“. დავბეჭდე მოსკოვში სერგეი გოროდეცკის ჟურნალში „ხელოვნება“-ში ჩემი ლექსები – რუსულად. მოსკოვში ყოფნისას ვნახე ლევ ტოლსტოი მისი სიკვდილის წინა დღეებში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაკვეთილებს ვაძლევდი ქუთაისის ერთ-ერთ გიმნაზიაში.

პირველი ჩემი ქართული ლექსი დაიბეჭდა 1915 წელს, 1919 წელს გამოვიდა ჩემი ლექსების კრებული „დაისების“ სახელწოდებით. ვიყავი ყოფ. „ცისფერ ყანწელების“ ჯგუფის მიმდევარი, რომელიც გასაბჭოების დღეებიდანვე თანდათან დაიშალა.

1921 წლიდან გადმოვედი მუდმივ საცხოვრებლად თბილისში, რათა მთელი ჩემი მუშაობა გადამეტანა ლიტერატურის დარგში. ვთარგმნე ქართულიდან რუსულად ქართველი კლასიკოსი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელიც გამოვიდა ცალკე წიგნად სახელგამის მიერ. ვიყავი ჟურნ. „მეოცნებე ნიამორების“ რედაქტორი.

ოქტომბრის რევოლუციის ზეგავლენით დავიწყე ინდუსტრიალურ თემებზე ლექსების წერა (ზაგესი, ფერო და სხვ.).

ჩემს მიერ გადათარგმნილია ალ. ბლოკის „თერთმეტი“, პუშკინის „ბრინჯაოს მხედარი“.

1927 წელს გამოვიდა ჩემი ლექსების მეორე წიგნი.

რამდენიმე წელი ვმუშაობდი გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ ლიტერატურის განყოფილების გამგედ.

კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის დავალებით ვთარგმნე მთელი რიგი საბჭოთა პიესებისა და აგრეთვე გუცკოვის – „ურიელ აკოსტა“ და შილერის „ყაჩაღები“, შელლის „ბეატრიჩე“ და სხვ.

ვიყავი ჟურნალ „დროშას“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

უმთავრესად ჩემი მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოს საბჭოთა მწერლების ხაზით. ვიყავი ერთ-ერთი პ/მგ. მდივანი, მასიური მუშაობის ხელმძღვანელი და მთარგმნელთა სექციის ხელმძღვანელი.

ჩემი ნაყოფიერი და ენერგიული მუშაობისათვის დაჯილდოვებული ვარ უმაღლესი ჯილდოთი – „შრომის წითელი დროშის“ ორდენით.

ჩემი ნაწარმოებები: 1. წიგნი „დაისები“ – ლექსები, 1919 წ. 2. ლექსების კრებული, სახელგამის გამოცემა, 1927 წ. 3. „ურიელ აკოსტა“, გადათარგმნილი. 5. „ინტერესთა თამაში“, თარგმანი. 6. ალ. ბლოკის „თორმეტი“. 7. მაქვს თარგმნილი გოეტედან, ჰუგოდან, ბერანჟედან, და სხვ. 8. მაქვს კრიტიკული წერილები ქართველ და უცხოელ პოეტებზე: ნ. ბარათაშვილზე, დ. გურამიშვილზე, ს. მალარმეზე, ს. ესენინზე, ნ. ნეკრასოვზე და სხვებზე.

აგრეთვე თარგმნილი მაქვს პრ. პოეტების ლექსები ქართულ ენაზე: დ. ბედნი, ვ. მაიაკოვსკი, კაზინი, გერასიმოვი და სხვ.