მე არ ვიცოდი, თუ ოცნება დანაფარავი,
ერთ დაისიდან მეორეში გამისროლიდა,
ლალ იაგუნდებს, ფაიფურებს არხევს არავი
და აჩრდილები მიცქერიან ცეცხლის ბროლიდან.
დღეს ოფელიამ გადააგდო ბევრი ქოშები,
ბევრი ძვირფასი დაიხია ტანზე სამოსი
და სხვა სარკიდან გაბედულად მას ვედროშები,
რომ რაგინდრაფერ გავაგონო ხმა საღამოსი.
და ჩემთან ერთად მას უცქერის შავი გამლეტი
დანიის პრინცი, ვით მეტოქე, არ მეცოდება,
ისევ დაისის იზმორება სხვა საკვამლეთი
და დელფინების ჭირვეული ისმის გოდება.
სარკეებს ამსხვრევს ოფელიას ნაზი მარაო
და ამბობს გული სარკეებით შემოგარსული,
ნეტავი მასთან ერთად წუთით მანეტარაო,
დამაფრქვევინა მის წინაშე ცეცხლი წარსული.
მებროლის ნიღაბს ვერ ვიშორებ _ პირგამურვილი
და ოფელიაც მე თანდათან მიახლოვდება,
რომ არ ასრულდეს აშფაშაგი ჩვენი სურვილი
შავი ჩრდილები ჩვენს გარეშე ჭარბად გროვდება.
ჩემ და მის შორის დაეშვება ღამე სამანი
დაისის ჩონჩხებს დაარბევენ ბრმა კალიები.
ქრება ჩვენება ნაოცნები, და იამანი
მეექვსე დაისს მე აქედან ვეკალიები.
ვ. გ.
1918 წ. აგვისტო