ეს უცხო ღამე, ვით შავი ძაღლი,
დაეძებს, ყნოსავს უხილავ ვარდებს.
სანამ ვარსკვლავობს ცისა სიმაღლე,
ყვავილებ შორის ის ინავარდებს.
იდუმალ ცაზე მთვარე უძრავი
ბნელი ღრუბლების კრთომით ნალესი, –
– როგორც ფეშხუმზე ნაკვეთი თავი
ნათლისმცემელის იოანესი.
ვარ მარტოობის ჯვარზე გაკრული,
მხოლოდ ღამეა ჩემი ტაძარი,
და შავ წყვდიადში, ყველასგან კრული,
მივდივარ, როგორც ელეაზარი!