მეტყვის მნათობი: დაივიწყე ხალხი ხმაური,
შენც ნახე ჩემი უხილავი, თეთრი ბაღები.
ნუ აგამღერებს ეს ქალაქი, ეს ეშმაური,
ჩემს სხივნარებში სხვა ამბორით დაიდაღები.
აი, ამ ქუჩით გამომყევი, სადაც ხარაზმა
შენს ოფელიას შეუკერა ვიწრო მესტები.
და სადაც ღამემ აჩრდილები შავათ დარაზმა,
– ფეხს აუჩქარე, წყვდიადით ნუ დაინესტები.
დაგვიანებულს მოგელიან მასკარადები,
ერთი ასული გეშურება მუქ ფირუზებით.
აქ თუ მკრთალი ხარ, საუკუნოთ იქ მარადდები,
და იშლებიან ჰეივნები პაპირუსებით.
მივყვები მთვარეს დაუღალავს მე – მორიდებით,
ვით კოლომბინას ტიციანი ნორჩი, თვალღია.
და კიდევ ბევრი – გოგირდისფერ მეფურ დიდებით –
ქანდაკებანი სამუდამოთ დასათალხია.
კიდევ ნაბიჯი და… დავტკბები ბაღის ბროლებით,
დამავიწყდება უნეტარო ბნელი ცხოვრება,
და ჩემი ლანდი, რომ მახრჩობდა ხშირ დაბრკოლებით,
ბაღში შესვლისთვის მე ამაოდ მემათხოვრება.