მთელი ხმით – Blue Horns

ავტორი : ვლადიმირ მაიაკოვსკი, თარგმანი ვალერიან გაფრინდაშვილის

თარიღი : 1930 წლის შემდეგ

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი

გამოცემა :

შემოქმედება

მთელი ხმით

მე შენ გეძახი, პატივცემულო ამხანაგო, შთამომავლობა!

როს გაქვავებულ, დღევანდელ მძლეში ხელებს აურევ,

ჩვენი ცხოვრების რომ გაიგო გზა საცნაური,

ჩვენი ცხოვრების რომ გაიგო აურ-ზაური,

იქნებ იკითხო შენ ჩემს შესახებ.

ალბათ წარმოსთქვამს მეცნიერი და კალმოსანი,

ვერც ერთი კითხვა ვერ გაუძლებს ცოდნას მქუხარეს,

იყო მეხოტბე ადუღებულ წყლისა მგოსანი –

და დიდი მტერი აუდუღარის.

თქვენ მოიხსენით, პროფესორო, სათვალეები ველოსიპედის,

მე თვითონ ვიტყვი ჩემს ხანაზე, საკუთარ თავზე.

ვარ მწმენდელი და მეთულუხე ცეცხლიან წლიდან,

გამოწვეული ჯანყის მიერ რევოლიუციის,

წავედი ფრონტზე – ჭირვეულ ქალის – პოეზიის მამულებიდან.

გააშენა ქალმა ბაღი, მწვანე, წყალი აგარაკი, ჰავა საღი,

ყვავილებსა თვითონ ვრგავდი, თვით უვლიდი, თვითონ ვრწყავდი –

სარწყავიდან ლექსთა კრებულს ერთი აფრქვევს, მეორე კი

ლექსებს პირში დაგუბებულს ბაღს ასხურებს – ნელი რხევით.

თმახუჭუჭა მიტრეიკები ბრძნული ოცნებით,

თითქოს ბრძენი კუდრეიკები,

ვინ გაარჩევს იმათ სახელს.

აღარ არის მათგან შველა,

ტა-რა-რა-რა-მღერის ყველა.

ისმის მათი გიტარა

აღარ გამოიდარა.

რა სახელია, რომ ამაღლდენ ჩემი ძველები

ასეთ მშვენიერ ყვავილებიდან,

ბაღებში, სადაც ახველებს ჭლექი,

სად ხულიგანთან არის მეძავე და ათაშანგი.

მეც აგიტპროპი პირში მეფლობა,

მეც უნდა ვთხზავდე თქვენზე რომანსებს,

უფრო კარგია და სასარგებლო.

მაგრამ მე ჩემს თავს თვით ვადუმებდი,

მე ფეხს ვაჭერდი ყელზე სიმღერას,

უსმინე, ამხანაგო, შთამომავლობა,

აგიტატორს,

მქუხარე ბელადს.

მე მოჩუხჩუხე პოეზიას დავადუმებ,

მე გადავლახავ ლირიკულ ტომებს –

და ცოცხლებს, გეტყვით, როგორც ცოცხალი

მე თქვენთან მოვალ კომუნისტურ ნათელ შორეთში.

არა ისე ვით ესენინის მსგავსი რაინდი,

გადასცილდება ჩემი ლექსი საუკუნოებს,

მთავრობებს, მგოსნებს,

მოაღწევს თქვენთან ჩემი ლექსი

არა ისე ვით

ისარი ჩანგში ამურისა-მონადირისა,

და არა ისე, როგორც აღწევს ნუმიზმატამდე –

დროიდან უკვე გაცვეთილი შაურიანი,

და არა ისე, ვით გარდაცვლილ ვარსკვლავთ სინათლე.

გაარღვევს მედგრად ჩემი ლექსი

წელთა სიმძიმეს,

და გამოჩნდება დასანახები, მკვახეთ, ძლიერად

ვით შემოვიდა ჩვენს ყოფაში ის წყალსადენი,

რომელიც ადრე გამოჰვეთეს რომის მონებმა.

წიგნთა კორღნებში, რომ დამარხეს ცოცხალი ლექსი,

თქვენ აღმოაჩენთ სტრიქონთა რკინებს,

პატივისცემით მათ შეეხებით,

როგორც ძველს, მაგრამ საშიშ იარაღს.

მე სმენას სიტყვით არ ვეფერები.

ქალწულის ყურებს თმის კულულებში

არ გავაწითლებ უწმინდურ სიტყვით.

ჩემ ლექსთა ჯარებს გავშლი დიდი აღლუმის მსგავსად

სწრაფი ნაბიჯით სტრიქონთა რიგებს მე ჩაუვლი

მზად რომ არიან სიკვდილის და უკვდავ ბრძოლისთვის.

სული განაბეს პოემებმა

ერთი მეორეს ეკვრებიან შავი ლულებით

დამიზნებული სათაურები

უსაყვარლესი იარაღი-კავალერია

მახვილ სიტყვათა-მზად რომ არის დაიწყოს

ბრძოლა-ყიჟინით, სტვენით –

რითმების ბასრი შუბებით.

ყველა ჯარები – იარაღით მთლად შემოსილნი,

ოცი წელი რომ თარეშობდენ სისხლის ბრძოლებში,

შენ, პროლეტარო პლანეტისა, გიძღვნი მთლიანად

ყოველ ჩემ სუნთქვას, უკანასკნელ ჩემ სტრიქონებსა.

მუშათა კლასის მტერი არის ჩემივე მტერი,

მტერი აშკარა, დასაბამიდან (?).

წითელ დროშის ქვეშ ჩვენ დავდექით თანაბარ ძმებად –

შრომის წლებისა და შიმშილის დღეთა ბრძანებით.

მარქსის ყოველ ტომს ისე ვშლიდით, როგორც დარაბებს

ყოველ დღე ვაღებთ საკუთარ სახლში,

ჩვენ უწიგნოთად ვერკვევოდით, თუ სად წავიდეთ –

– რომელ ბანაკში უნდა ვიბრძოლოთ.

დიალეკტიკა ჩვენ გვასწავლა არა გეგელმა,

ბრძოლის ყიჟინით შემოიჭრა ის ჩვენს ლექსებში,

როცა ტყვიებ ქვეშ გაგვირბოდენ ჩვენ ბურჟუები,

როგორც ოდესმე ჩვენ გავრბოდით ბურჟუებისგან.

დაე, დიდება გენიოსებს სევდიან ქვრივად

მიაცილებდეს მგლოვიარე მარშის ხმაურში.

შენ, ჩემო ლექსო, ისე მოკვდი, ვით ჯარისკაცი,

როგორც კვდებოდენ უსახელო ჩვენი გმირები,

როცა უტევდენ მტერს დაუზოგველს.

მრავალფუთიან ბრინჯაოს ძეგლს ჩემი ნაფურთხი –

და მარმარილოს ლორწიანსა ნაფურთხი ჩემი,

ჩვენ გავსწორდებით ერთმანეთში.

დაე, საერთო ჩვენი ძეგლი იყოს – ბრძოლებში

მონაპოვარი სოციალიზმი.

შთამომავლობავ! ანკესები ლექსიკონების

გასინჯე-ნახავ შენ ასეთ სიტყვებს:

„პროსტიტუცია, ტუბერკულოზი, ბლოკადა“.

თქვენთვის, ვინცა ხართ ჯანსაღი და უსაზღვროდ მარდი,

პოეტი სტლეკდა ჭლექის ნაფურთხებს,

მწველი პლაკატის ხორკლიან ენით.

მე წელთა სვლაში ვემსგავსები

მიწაში ნახულ გარდაქეშანებს,

ეს გზა გავლითი, ამხანაგო, სიცოცხლე სწრაფად,

გავთელოთ სწრაფად, ვით ხუთწლედი გზა დარჩენილი.

ერთი მანეთიც მე ლექსებმა არ დამიტოვეს,

მე ძვირფას ავეჯს ოსტატები არ მიგზავნიდენ,

სუფთა პერანგის გარდა არ მინდა,

მართალი გითხრათ – სხვა არაფერი.

ნათელი წლების ცე-სე-კაში გამოვცხადდები

პოეტი-ბანდის თაღლითების წამგლეჯთა ზევით,

როგორც პარტბილეთს ბოლშევიკურს, ისე აღვმართავ

ჩემი პარტიულ წიგნაკების ყველა ას ტომებს.

 

თარგმანი ვალერიან გაფრინდაშვილის

1930 წლის შემდეგ