მაღალი მთვარე – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 1916, გაზაფხული

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, №2

პოეზია

მაღალი მთვარე

იქნება წუთი – მთვარისაგან დამევალება

გრძნობა სათუთი, მოთმინება გულდამსერავი,

ქალწულ სხივებში უცნაური, ნაზი წვალება,

ძაღლების გარდა ვერ შევხვდები გზაში ვერავის.

ამოვა მთვარე, გამათეთრებს თავისი პუდრით,

და შეშინდება ჩემი ლანდი, სნეული ლანდი.

„თქვენ, ვარსკვლავებო, შემიბრალეთ, დამისაკუთრეთ,

მე ვარ პიერო, მე ოცნების ვარ ფალავანდი!“

მივდივარ მარტო და ლანდია ჩემი მხლებელი,

მას თავის რკალში ჩამიმწყვდიოს უნდა ყოველთვის,

შუა გააპო ჩემი სული ხელუხლებელი,

და ჩემზე ადრე დაჟინებით სამარეს ელტვის!

და ხშირად სარკეს ის ცბიერად შემომაპარებს,

– უნდა ვუცქირო ტანჯულ სახეს, ანგრეულ სახეს,

მე ის ძილის დროს კოშმარების ბალიშს მაფარებს.

მათრობელ ცქერით წყლის მინიდან მე ის მეძახის!

მაგრამ ეს მთვარე თვით ორეულს ტკბილად ანაზებს,

და მე ნიავში მელანდება ბედი ახალი:

მივდივარ ისევ გაბედულათ და ვარღვევ ხაზებს,

ცაში  ზეიმობს და დარაჯობს მთვარე მაღალი.

ქალწულ სხივებით გავიკურნავ ჩემს ფარულ სენებს;

(ღამის ჩრდილები აიმართენ შეფოთლილ მესრად…)

მივყვები მთვარეს და არ ვიცი, სად მოვისვენებ,

მთვარეულთ ბაღში გავიღვიძო მინდა უეცრად.